Maroon 5-მა მერვე სტუდიური ალბომის დეტალები გაამხილა. ცნობილი გახდა, რომ ოთხი წლის შემდეგ, ჯგუფის ახალი დისკი – Love Is Like დღის სინათლეს, 15 აგვისტოს იხილავს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბენდი წლის ბოლომდე ახალ ფირფიტას გამოუშვებდა, ცნობილი აპრილში გახდა. მაისში, კოლექტივმა მომავალი მუსიკალური პროექტის მთავარი ჩანაწერი – Priceless წარადგინა, რომელიც ლისასთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ახლახან, კოლექტივმა კრებულის მეორე სინგლიც – All Night შემოგვთავაზა, რომლის კლიპში, გუნდის ფრონტმენის, ადამ ლევინის მეუღლე, ბეჰატი პრინსლუ მონაწილეობს.
Maroon 5-მა მომავალი ჩანაწერის მხარდასაჭერად ტურნეც დააანონსა, რომელიც 23 შოუს მოიცავს და შემოდგომაზე, ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით გაიმართება.