ექსპერტ მამუკა არეშიძის ინფორმაციით, პირი, რომელმაც გიგა ოთხოზორია მოკლა, დაკავებულია. როგორც არეშიძემ განაცხადა, აფხაზური მხარის ინფორმაციით, მკვლელმა სცადა, რუსეთის საზღვარი გადაელახა, თუმცა ვერ შეძლო.
”რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გალის შეხვედრაზე, იციან რა ქართული მხარე სამართლიან პრეტენზიას დააყენებს და არა მხოლოდ ქართული მხარე, თვითონ ამ პროცესის ხელმძღვანელობაც, რუსული მხარე და აფხაზური მხარე აპირებენ ამ ფაქტის გაჟღერებას, რომ ეს პირი დაკავებულია”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ექსპერტი ამბობს, რომ საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლება „მესაზღვრეს“ არ გადასცემს, თუმცა აქვე დასძენს, რომ შესაძლოა მცირე შანსი მაინც არსებობდეს.
”არსებობს აფხაზების ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ფაქტი უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოში გადაყვანილი და დამნაშავე დაისაჯოს. ეს იმ ადამიანების კატეგორიაა, რომლებიც, შესაძლებელია, ამინდს არ ქმნიან აფხაზურ პოლიტიკურ სივრცეში, მაგრამ ამინდს ქმნიან აფხაზურ სოციალურ ქსელში. ეს ხალხი ამ ნაბიჯს ხსნის შემდეგი ფაქტორით, რომ ისინი ცდილობენ იყვნენ ცივილიზებული სახელმწიფო და მსოფლიოს თვალში სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად მოიქცნენ”,-განაცხადა მამუკა არეშიძემ.
მისი ინფორმაციით, ადამიანი, რომელმაც ოთხოზორია მოკლა, წარმოშობით ლაზია, მისი მამა კი აფხაზეთის ომის დროს საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა.