LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ბაზერაშვილისა და ანა დათულიშვილის საოცარი დედა-შვილობა: „ეს დიაგნოზი წარსულს ჩაჰბარდა, მაგრამ სიმღერა დავივიწყე. წარმოგიდგენიათ, რა ემოცია იყო, როდესაც ერთ დღეს სახლში დაბრუნებულს 6 წლის ოთომ „დაიგვიანეს“ საოცარი ჩახვევებით შემისრულა?“

1696
ოთო-ბაზერაშვილი

ოთო ბაზერაშვილმა ახლახან დუბაიში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე, სადაც 30 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, გრანპრი მოიპოვა, წინა წელს პრაღაში გამართული მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული გახდა.

საქართველოში კი უკვე დიდი ხანია, თავისი შესანიშნავი ხმით დიდი პოპულარობა მოიპოვა. მისი სასიმღერო კარიერის სათავეებთან დედა, ანა დათულიშვილი დგას, რომელიც ვაჟისთვის ყველაფერს აკეთებს. სცენაზე დგომა ანას დიდი ოცნებაც იყო, მაგრამ მძიმე დიაგნოზმა ამის საშუალება არ მისცა…

დედა-შვილმა საკუთარ ძალიან ახლო ურთიერთობაზე და მიზნებზე fortuna.ge-სთან ისაუბრა.

ოთო:

ძალიან კარგი გარემო იყო კონკურსზე, ბავშვებიც კარგად დაგვხვდნენ, ყველა გავიცანი და დავმეგობრდით. ამ კონკურსზე საუკეთესო მონაწილეები გამოდიოდნენ. საქართველოში გამარჯვებული დავბრუნდი, ჩამოვიტანე გრანპრი და გავახარე ჩემი მასწავლებლები და ქართველი ერი.

უცხო სცენაზე გამოსვლის წინ ღელავდი?

ცოტას ვღელავდი. კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილება უკვე მქონდა და ეს ღელვა სწორედ ამ გამოცდილებამ დამაძლევინა. მოგეხსენებათ, 2023 წელს, ჩეხეთში გამართულ კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა. ძლიერი კონკურსანტების წინააღმდეგ გამოსვლა, რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული იყო, მაგრამ შიში ნაკლებად მქონდა. აღმოჩნდა, რომ 30 ქვეყანა მონაწილეობდა, ჩვენ ვიცოდით, რომ მხოლოდ 17 მონაწილეობდა. იყო სამოდელო და ტალანტების კონკურსი. ჩვენ მეორეში ვმონაწილეობდით.

ანა:

გასულ წელს, ეკა მგალობლიშვილმა გამართა „მის მსოფლიო“, სადაც ოთომ იმღერა „ხმალი ავლესოთ“. საზღვარგარეთიდან ჩამოსული იყო უამრავი მონაწილე, ჟიურის წევრებთან ერთად. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ქალბატონი ნატალი, რომელსაც ოთოს გამოსვლა ძალიან მოეწონა და გაგვიკეთა მიწვევა დუბაიში, საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე. ამ მიწვევის შემდეგ, რასაკვირველია, გვერდით დაგვიდგა საერთაშორისო ფესტივალის United World და სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელი, ფესტივალის ეროვნული დირექტორი და საერთაშორისო ჟიურის წევრი, ეკა მგალობლიშვილი, რომლის დახმარებითაც გავემგზავრეთ დუბაიში.

ნოემბრის ბოლოს კიდევ ერთ მუსიკალურ ღონისძიებაზე გვაქვს მიწვევა, მაგრამ ხმას ვუფრთხილდებით. ახლა ოთოს ხმის მუტაციის პერიოდი აქვს…

როგორ უფრთხილდებით?

ოთო 13 წლისაა, დეკემბერში ხდება 14-ის. ოთოს ჰყავს საუკეთესო პედაგოგები, მანანა მორჩილაძე და დავით ცინცაძე, ქეთი ჯავახიშვილი, რომლისაც არის „ვოკალის აკადემია“. პედაგოგებმა ოთო დაბალ რეგისტრზე გადაიყვანეს. გაზიანი სასმელი, მზესუმზირა და გარკვეული სახის საჭმელი აუკრძალეს. ცოტა ადრე ვიძინებთ და დილას ადრე ვიღვიძებთ. დაგვიდგინეს რეჟიმები, რასაც შეძლებისდაგვარად მივყვებით.

ოთო, შენთვის როგორია ამდენი აკრძალვა?

არ დაგიმალავთ, გაზიანი სასმელი მანამდე ძალიან მიყვარდა და დიდი რაოდენობით ვსვამ. ახლა ძალიან მცირე რაოდენობით შეიძლება დავლიო, ისიც იშვიათად. ხმის მუტაცია დამეწყო და თუ ეს ყველაფერი გავაკეთე, ხმა გამიფუჭდება, რაც ძალიან არ მინდა… არ მიღირს.

ოთო ეკა მგალობლიშვილთან ერთად

როგორც ვხვდები, მუსიკას გინდა გაჰყვე…

ახლა სიღრმისეულად ვსწავლობ ინსტრუმენტებზე დაკვრას, სოლფეჯიოს… არ ვატან ძალას ხმას.

ანა, თქვენი დედა-შვილობის ამბავი ძალიან საინტერესოა – თქვენი დამსახურებაა, რომ ოთო ასეთი წარმატებულია სიმღერაში…

სხვათა შორის, თქვენ გეტყვით პირველად, ეს არსად მითქვამს აქამდე… წინანდლის ანსამბლის სოლისტი გახლდათ თამაზ დათულიშვილი, როცა ის ხალხურ სიმღერებს ასრულებდა, სულ გვერდით ვყავდი. შეძლებისდაგვარად ვმღეროდი „ოროველას“ თუ სხვა ხალხურ სიმღერებს. ვერ მოვხვდი სწორ ადგილას სწორ დროს, არც პედაგოგი მყოლია. მერე მოხდა ძალიან ცუდი რამ, ხმის იოგებზე დართული სიმსივნე დამემართა… მაშინ ოთო მხოლოდ თვენახევრის იყო. ჩემს მშობლებს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდათ… ეს დიაგნოზი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ სიმღერა დავივიწყე…

დედასთან ერთად…

როცა ოთო ბაღში დამყავდა, მანქანაში სულ ჰამლეტ გონაშვილის სიმღერები მქონდა ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს რას მიაწვდი და რა ასაკში რა მიმართულებით განავითარებ. ერთ დღეს სამსახურიდან სახლში მისულს ექვსი წლის ბავშვსმა „დაიგვიანეს“ ისე მიმღერა, ისეთი ჩახვევები გამიკეთა. მთელი ცხოვრება რომ გინდოდა სცენაზე დგომა და უცებ ამ ყველაფერს შენს შვილში დაინახავ… ოთოს ვუთხარი, დედა, მე რაც მინდოდა და ვერ შევძელი, ახლა ყველანაირად შენ შეგიწყობ ხელს-მეთქი. მას მერე ერთად მივდივართ ამ მიზნისკენ, მთელი ოჯახია ჩართული…

ოთო, ალბათ, დედის დახმარება და გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია…

დედის სიყვარულს მთელი ცხოვრება ვგრძნობ და არაფერს მაკლებს. გარდა ამისა, ვგრძნობ გვერდში დგომას ყველაფერში. ზოგჯერ ხუთი საათიც კი უწევს ჩემი ლოდინი, რა თქმა უნდა, იღლება, მაგრამ უღირს…

ოთო, ყველაზე კარგად, შენი აზრით, რომელ სიმღერას ასრულებ?

ყველაზე მეტად „ჩაკრულოს“ შესრულება მიყვარს, მგონია, რომ კარგად გამომდის…

ანა:

მგონია, უფრო პატარა ასაკში „ზამთარიაც“ ძალიან კარგად გამოსდიოდა.

ანა და ოთო, ორივეს მინდა გკითხოთ, საბოლოო მიზანი რა არის? 10 წლის შემდეგ რა და როგორ წარმოგიდგენიათ?

ახლა ოთო 13 წლისაა. 23 წლის ოთო მინდა, პირველ რიგში, ცოლ-შვილთან ერთად იყოს ბედნიერი. რაც უნდა კარგი მომღერალი იყოს და კარიერა ჰქონდეს, მინდა, ბედნიერი იყოს პირად ცხოვრებაში. როცა ნებისმიერ სიმღერას ასრულებს, ვეუბნები, რომ თუ არ სიამოვნებს, არ უნდა იმღეროს და სხვა აარჩიოს. საქმესთან დაკავშირებითაც მინდა, ეს მიდგომა ჰქონდეს და ზოგადად, ყველაფერში ეძებოს ბედნიერება. ზუსტად ვიცი და ამას ხმამაღლა ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ქართველი გაიზრდება. ბავშვობიდან სისხლში აქვს საქართველოს სიყვარული. ოთოზე ორი თვის ორსული ვიყავი, როცა ჯარში დავიწყე სამსახური და მას მერე, სულ სამხედრო მოსამსახურეების გვერდით იზრდება, ისეთ კაცობას სწავლობს მათგან, მუდამ იქნება საქართველოს სამსახურში. მინდა, განვითარდეს პროფესიით და სიმღერით…

ოთო:

დედაჩემმა რაც თქვა, არ მომეწონა (იცინიან). 23 წლის არ მგონია, დაცოლშვილიანებული ვიყო…

ანა:

(იცინის) ძალიან ადრე დავაოჯახე, ხომ?

ოთო:

რაც შეეხება პროფესიას, ძალიან მომწონს იურიდიული ფაკულტეტი და მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდე.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g