ოთო ნემსაძისა და სოფო მეძმარიაშვილის სიყვარული დაახლოებით ერთ წელიწადს ითვლის. წყვილი მიიჩნევს, რომ მთავარი, რაზეც ორი ადამიანის ურთიერთობა უნდა იყოს დაფუძნებული, სიყვარულია. ოთომ სოფოს სიყვარული გაცნობიდან ერთ თვეში აუხსნა. მომავალზე ჯერ არ ფიქრობენ და არაფერს გეგმავენ…
ოთო და სოფო „ფორტუნას“ საიტის სტუმრები არიან. ერთად ისინი პირველად გამოჩნდებიან საზოგადოების წინაშე.
სოფო:
ბათუმში კონცერტზე გახლდით, 2015 წლის 25 აგვისტოს. მე მეგობრებთან ერთად ვიყავი, ოთო – მარიტა როხვაძესთან ერთად. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, დავლიეთ. წვიმდა და ეს ძალიან მოგვეწონა. ოთო ზაფხულს ვერ იტანს, მე კი მთელი წელი ველოდები…
ძალიან ბევრი რამ, მაგალითად, ის, რომ ძალიან ლამაზია, ჭკვიანი და ნიჭიერი. ძალიან კარგად თამაშობს სცენაზე.
ხომ მღერის?
მღერის, მაგრამ უფრო უკეთ თამაშობს. თან, არ მინდა, ჩემი კონკურენტი გახდეს, ჩემი ძმა ხომ ამომიდგა უკვე გვერდში. მე და კონკურსები ხომ ცნობილია და სადმე კონკურსზე რომ გადამეყაროს, მერე რა ვქნა (იღიმის)?!
სოფო, ოთო პირად ურთიერთობაში როგორი აღმოჩნდა?
ძალიან უცნაურია, სხვებისგან განსხვავებით. სხვანაირია. მისთვის სიყვარული ჩეულებრივ ჩარჩოებში არ ჯდება. ეს, რა თქმა უნდა, მომწონს. ხელოვანები ხომ ასე ვართ, ურთიერთობებშიც და ზოგადადაც, ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებთ. რაც მე საქართველოში ვიცი, თუნდაც ძველი დროიდან მოყოლებული, როცა ხელოვანები ერთად იყვნენ, არ ამართლებდა, მაგრამ იმედია, ჩვენ შემთხვევაში სხვანაირად იქნება (იღიმის).
ოთო, რა არის ამაში კარგი და ცუდი?
ჯერჯერობით ცუდი არაფერია. არ ვარ ადამიანი, რომელიც რაღაცებზე წინასწარ იფიქრებს. არც ვაპირებ ასეთ რამეზე ფიქრს, ღმერთმა დამიფაროს. სოფო თავის პროფესიაში ძალიან წარმატებულია და მინდა, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს. მის პროფესიაში არის ტენდენციები, რომლებიც არ მომწონს და სოფო იმ კატეგორიას არ მიეკუთვნება. მაგალითისთვის დავასახელებ ყველაფრის კეთებას იმისთვის, რომ პოპულარობას მიაღწიო. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მაქვს იმით, რომ სცენაზე ყოველთვის მართალი ვარ, სოფოც ასეა. ადამიანები ოჯახის, ბევრი რამის წინააღმდეგ იქცევიან, რაც არ მომწონს. ასეთ დროს, საბოლოო ჯამში, საკუთარ თავს კარგავ და პროფესიასაც. მგონია, რომ მოჰბეზრდებათ ადრე თუ გვიან და ასეთ ხალხს ვუთანაგრძნობ. ვისაც რა უნდა, ის გაუკეთებია, მაგრამ ასეთ ადამიანებს არ უკვირთ, რომ მათზე ცუდად საუბრობენ.
ჩემს მეგობრებთან ხშირად ვკამათობ, მეუბნებიან, რომ როცა მსახიობი ხარ, ყველაფერი უნდა გააკეთო. რადგან მსახიობი ვარ, ფილმში არ გავიხდი. რაც შენს ცხოვრებისეულ შინაგანს ეწინააღმდეგება, პროფესია არ არის მიზეზი, რომ ეს მაინც გააკეთო. არ მინდა, ადამიანებმა ჩემზე ცუდად ილაპარაკონ. რასაკვირველია, ყოველთვის ყველას მოსაწონს ვერ გააკეთებ, მაგრამ მე მასშტაბურ რაღაცებს ვგულისხმობ. ყველაფერს თავი დავანებოთ და საქართველოა, მაინც წამოვა აგრესია და არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ხალხის ყბაში ჩავვარდე. მინდა, პროფესიაში მშვიდად ვიარსებო. რადგან ამ პროფესიაში ვარ და ხალხი მაფასებს, მაინტერესებს საზოგადოების აზრი. ნაწილობრივ ვარ დამოკიდებული ადამიანების მოსაზრებებზე…
ოთო:
მეც როგორ არ უნდა ვიყო დამოკიდებული საზოგადოების აზრზე, როდესაც ყველა კონკურსი ხალხის მხარდაჭერით მაქვს მოგებული. ქართველი ხალხი ყოველთვის იქაა, სადაც მჭირდება. ძალიან მიმართლება. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ გავითვალისწინებ, მაგრამ სულ ვკითხულობ კომენტარებს, ასე რომ არაფერი ცუდი არ დამიწეროთ (იცინის). არასდროს ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ვინანო და სუფთად ვცხოვრობ, ვიღაც ცუდად რომ მაფასებს, ამაზე კარგი რეაქცია ვერ მექნება, მოვედი და შენი შტანგა ავწიე, თუ რა?.. თავიდან უფრო მეტად ვბრზადებოდი, ჩამოსული კაცი ვარ, გორელი ბიჭი. მერე ცოტა შევეჩვიე, მაგრამ მაინც საწყენია. უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ცოტანი ვართ და არაფერი გადაგვარჩენს ერთმანეთის სიყვარულის გარდა.
სოფო, შენ თუ გტკენია გული, ოთოზე რაიმე კომენტარი რომ წაგიკითხავს?
ძალიან გავბრაზებულვარ, მაგრამ ოთო სულ მთხოვს, თავი შევიკავო. მე რომ პასუხი გავცე, შეიძლება, რაიმე მითხრან და მერე ოთო გაბრაზდება (იღიმის). ერთხელ ვრცელი პასუხი მქონდა გამზადებული და ბოლოს არ დავწერე…
მინდა, ერთმანეთის თვისებები გამოყოთ…
საქართველოში პოპულარობა ძალიან ცვლის ადამიანებს, გამარჯობის თქმა აღარ სურთ, სიტყვაძუნწები ხდებიან, ურთიერთობა არ უნდათ, ადამიანებს ფენებად ყოფენ. ოთო ასე არასდროს იქცევა, არ აქვს დაყოფილი ფენებად, „სვეცკების“, „გამოსულების“ თუ „გოიმების“. ყველასთან პოულობს საერთო ენას. არასდროს აგრძნობინებს ადამიანს, რომ იმიტომ რომ ტაქსის მძღოლია, მას ზევიდან უყურებს… ოთო ძალიან შრომისმოყვარეა. ახალი ჯგუფი ჰყავს, „ლიმბო“, რომელსაც დიდ დროს უთმობს. ვესწრები ხოლმე რეპეტიციებს…
არიან მამაკაცები, რომლებსაც თუკი რომანტიკულ გარემოს შეუქმნი, არ ესიამოვნებათ. თუ ოთო იმ კატეგორიას არ მიეკუთვნება, რომ სანთლები დაგინთოს, შენ თუ დაუნთებ, არ გააპროტესტებს და მოეწონება. რომანტიკულობაში ის ხომ ითვლება, 8 მარტს ულამაზესი თაიგული და ტკბილეულობა რომ მაჩუქა? მე თუ დავანთებ სანთლებს და წითელ ღვინოს მივართმევ, სიამოვნებით დაჯდება ჩემთან ერთად…
ოთო:
რომანტიზმი მხოლოდ საყვარელ ადამიანთან დამოკიდებულებას გამოხატავს? შესაძლოა, ნატურით იყო რომანტიკოსი და მე ასეთი ვარ.
სოფო:
რომანტიკული გადაწყვეტილება იყო, როცა „მარუნ 5“-ის კონცერტის მერე, მე და ოთომ ზღვაში შესვლა გადავწყვიტეთ, მაგრამ ვინ დაგაცადა? იმდენი ხალხი იყო, ზღვამდე ვეღარ მივაღწიეთ. ოთოს ჯინსი მეცვა, ისედაც ხომ დიდი მქონდა და დასველებულზე უფრო დამძიმდა, ზღვაში რა მოუვიდოდა?
ასეთი გიჟური გადაწყვეტილებები გვახასიათებს. ბათუმში რომ დიდი თოვლი მოვიდა, ღამე გადავწყვიტეთ ჩასვლა ოთოს „A კლასით“, გავემგზავრეთ, ჯაჭვები შევაბით ბორბლებს და 13 საათი ვიყავით გზაში, ისეთი მოყინული იყო. ჩავედით, ვიგუნდავეთ და წამოვედით. ასე ვწყვეტთ ხოლმე სადღაც წასვლას. მატერიალური მდგომარეობა რომ გვიწყობდეს ხელს, ხან სად გადავფრინდებოდით და ხან – სად…
ოთო, სოფომ გაქო და გადიდა და ახლა შენი ჯერია…
ჯერ მისი გაცდენილი რეპეტიცია არ მახსოვს, თუკი ავად არ არის. მე რომ დილის 10-ზე რეპეტიციაზე ვიყო წასული, ვერ შევძლებდი. შრომისმოყვარეა და უყვარს თავისი საქმე. ცდილობს, ყველა სპექტაკლზე იაროს და უფრო მეტი იცოდეს საკუთარ სფეროზე. ძალიან კეთილია. მისი ყველაზე მაგარი თვისებაა, რომ ვუყვარვარ…
სოფო:
ოთოა ძალიან ეჭვიანი. პრინციპში, მეც. თუკი ვიღაც მოვიდა და შეახტა, ვერ აგიწერთ, რას ვუზამ მას, საწყალი გოგო ჩემს ხელში. ერთი შემთხვევა მახსოვს, გოგო არაფერ შუაში იყო, ბიჭს ესაუბრებოდა და მომეჩვენა, რომ შელაპარაკება მოუვიდათ, ჩემი დაბადების დღე იყო და უცბად ავიშალე (იცინის).
ოთო:
ღმერთმა დამიფაროს, რომ საეჭვიანოდ საბაბი მქონდეს, მაგრამ მაინც სულ ვეჭვიანობ. კაცმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს. რატომ? იმიტომ, რომ როცა ქალი მიხვდება, რომ კაცი ყურადღებას ადუნებს, სხვა რაღაცები მოსდის თავში.
ანუ ქალი როცა ღალატობს, შესაძლოა, კაცის ბრალი იყოს?
ეს არაფერ შუაშია. თუ აღარ გიყვარს, წადი და რაც გინდა, ის აკეთე. ღალატი კაცისთვის ყველაზე დიდი დარტყმაა საქართველოში, რა თქმა უნდა, ქალისთვისაც. ღალატი არ მიგულისხმია. ყველაფერზე ვეჭვიანობ, თუნდაც მეგობრებზე. თუკი მათთან ცოტა მეტ დროს ატარებს…
მომავალზე თუ ფიქრობთ?
სოფო:
არ ვგეგმავთ, რომ აი, ახლა სექტემბერში შევუღლდებით. ვერ ვიტყვი, რომ ადრეა. ერთ კვირაში უკვე ერთმანეთის ძალიან ახლობლები ვიყავით, ყველას ვიცნობდით ერთმანეთის გარშემო, უბრალოდ, ასე არაფერს ვგეგმავთ.
მიყვარხარ ვინ ვის უთხრა პირველმა?
მე! კაცმა უნდა უთხრას ქალს პირველმა, მიყვარხარო… ამ ამბავს ასეთი ისტორია აქვს – ძალიან ვიპრანჭები, რაც ძალიან არ მეხერხება და სოფო დავპატიჟე კარგი ხედის სანახავად, გორიჯვარზე. ღამის ორი საათი იყო. ჩავედით გორში. გორიჯვარი მაღლა მთაზეა, ცხინვალის ხედებია ულამაზესი. მთელი გზა მეუბნებოდა, გველების ისე მეშინია, რომ თუ დავინახავ, შეიძლება მოვკვდეო. მთელი ბავშვობა იქ გავატარე და კაციშვილს არ უნახავს გველი. სექტემბერი იყო და უკვე ციოდა. ავედით და ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი, უცბად აკივლდა… როგორ აღმოჩნდა სოფო ჩემს კისერზე, ვერ მივხვდი. ვფიქრობდი, გველი გავგლიჯო, სოფოს მივხედო თუ რა ვქნა-მეთქი. ამასობაში გველი გამექცა. საშოვარზე იყო გამოსული და სოფო დაადგა კივილით (იცინის).
სიმღერა არ მიგიძღვნია სოფოსთვის?
კაი, რა… ჩემგან ძალიან მარტივი ამბავია. მივიდე და სერენადა ვუმღერო, დამცინებენ, ვიღაც გადმომძახებს, წადი და სცენაზე იმღერეო…
რა განაპირობებს წყვილის დიდხანს ერთად ყოფნას?
მხოლოდ სიყვარული. სხვა არაფერი, პატივისცემა, მიჩვევა, მეგობრობა… ეს სხვაა. ჯერ მეგობრები ხდებიან და მერე უყვარდებათ ერთმანეთი.
სოფო:
საყვარელ ადამიანს სიტყვა შეჩვევა არ უნდა აკადრო. ჩემი აზრით, მარტო სიყვარული არ კმარა, ურთიერთგაგებაც უნდა იყოს, დათმობაც. ეს აუცილებელია. ყველა ერთნაირი არ არის. ვიცი, ოთოს რა არ ესიამოვნება და იმას არ გავაკეთებ.
გადაღების ადგილი: კაფე „ამო რამე“
ფოტო: დათუნა აგასი
ნინო მურღულია