ოზურგეთში მეზობელმა კაცმა 55 წლის ქალი დაჭრა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებულია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ოზურგეთში მეზობელს – 1967 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ვ.მ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.
დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.