ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსები – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ 5 პირი – ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
მურთაზ ზოდელავა: ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა – მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა, გაუშვით
მან მოსამართლესა და პროკურატურას განუმარტა, რომ მზად არის, ყველაფერი თავის თავზე აიღოს, სანაცვლოდ კი, აქციის მონაწილეები გაუშვან.
ამასთან, გადაისინჯა დაკავებულების და ძებნაში მყოფი შს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და ძალაში დარჩა.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. სახელმწიფო ბრალმდებლის, ვაჟა თოდუას შუამდგომლობის თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, კვლავ არსებობს ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების საჭიროება. თოდუას თქმით, ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების, მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობს.
აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატები დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდნენ. ადვოკატების ნაწილი გირაოს ოდენობის განსაზღვრას თავად სასამართლოს ანდობდნენ, ნაწილი კი 3 000, 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა.
სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულების ნაწილმა.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის განმარტებით, არსებითი ხასიათის რამე ახალი გარემოება, რომელიც საპატიმრო ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა, არ გამოკვეთილა.
