„ხვალ არის დიდი შეკრება, ვიკრიბებით ყველა, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე. უნდა ვიყოთ ბევრნი იმისთვის, რომ სისტემა გადავწვათ, გადავღალოთ, გადავამტვრიოთ – სხვა გზა არ არსებობს. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა. არ უნდა გავჩერდეთ“, – ამის შესახებ პოეტმა, პაატა შამუგიამ ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და რედაქტორები თბილისში დაგეგმილ აქციას 15 თებერვალს, 18:00 საათზე ევროპის მოედნიდან შეუერთდებიან. შამუგიას განცხადებით, მსვლელობა ევროპის მოედნიდან დაიწყება და რუსთაველის გამზირზე დასრულდება:
„ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რა მდგომარეობაა. პრაქტიკულად, არ დარჩა ქვეყანაში ერთი წესიერი ადამიანიც კი, რომელიც ან დაჯარიმებული ან დაჭერილი ან ნაბეგვი ან ნაწამები არ იყოს ან გაშავებული არ იყოს სამთავრობო ტელევიზიების მიერ. ქვეყანაში არის სერიოზული კრიზისი. რაც მთავარია, ოფიციალურად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაუქმებულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება იმიტომ, რომ როდესაც რუსთაველის პროსპექტზე ნებისმიერი გავლისას 5 000 ლარით ჯარიმდება ადამიანი, პრაქტიკულად, აუტანელ პირობას უქმნი ადამიანებს და აუქმებ შეკრების თავისუფლებას. დიქტატურა ამაზე მეტი სხვა არაფერია. ბუნებრივია, ამაზე უარესი რაღაცები იყო ქვეყანაში ნაწამები და დასახიჩრებული ადამიანების ჩათვლით. ამიტომაც, ხვალ არის დიდი შეკრება, ვიკრიბებით ყველა, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე. უნდა ვიყოთ ბევრნი იმისთვის, რომ სისტემა გადავწვათ, გადავღალოთ, გადავამტვრიოთ – სხვა გზა არ არსებობს. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა. არ უნდა გავჩერდეთ. თუკი ჩვენ გავჩერდებით, გაჩერდება ქვეყანა. ერთადერთი გამოსავალია, არ გავჩერდეთ, ვიაროთ. ეს მსვლელობა ევროპის მოედნიდან დაიწყება და შემდეგ, ბუნებრივია, რუსთაველის პროსპექტზე დაგვირგვინდება“, – განაცხადა პაატა შამუგიამ.
გიორგი ვაშაძე: „დროა, რეჟიმს, ჩვენი ძალა, ერთიანობა, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული ვაჩვენოთ – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადავიდეთ ახალ ეტაპზე, როდესაც ფართომასშტაბიანი აქციები და პროტესტი იქნება“
„შევიკრიბებით ძალიან ბევრი ადამიანი და გამოვხატავთ სურვილს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა იყოს, რომ ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.“
საკითხზე ისაუბრა მთარგმნელმა ხათუნა ცხადაძემ. მისი განმარტებით, მზია ამაღლობელისადმი და აზერბაიჯანელი კოლეგის, აფგან სადიგოვის სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბნენ. მისი თქმით „სოლიდარობას უცხადებენ ამ ორი ადამიანის სახელით ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც თავისუფლება პროფესიის გამო შეუზღუდეს“:
„შეუძლებელია ახლა „პენ-ცენტრი“ იყოს ჩუმად, როდესაც ჩვენი კოლეგები არიან სატუსაღოში. ასეთი ბევრია, მაგრამ პირველ რიგში მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად ვართ შეკრებილი აქ, ასევე ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგა, ავგან სადიგოვი არის უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენი სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და თავისუფლება. ამ ორი ადამიანის სახელით გვინდა, რომ ყველა იმ ადამიანს გამოვუცხადოთ სოლიდარობა, რომლებსაც თავისუფლება პროფესიის გამო შეუზღუდეს. „პენ-ცენტრი“ უბრალოდ ვერ გაამართლებდა საკუთარ არსებობას, თუ ამ მომენტში ჟურნალისტებს არ დავუჭერდით მხარს და არ დავდგებოდით მათ გვერდით. სამწუხაროდ, შეგვიძლია ბრძოლა სიტყვით. აქ სიტყვით და კალმით მებრძოლი ხალხია შეკრებილი და შესაბამისად, მუშტი-კრივი ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ თუ საჭირო გახდება, ყველანაირი გზით, რა თქმა უნდა, გამოვხატავთ პროტესტს. ეს არის უკიდურესი მომენტი. მე, როგორც მთარგმნელი, ასევე განვიცდი მდგომარეობის სიმძიმეს“, – განაცხადა ხათუნა ცხადაძემ.
ცნობისთვის, დედაქალაქში საზოგადოებრივი ჯგუფების, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით 15 თებერვალს მასშტაბური აქცია იგეგმება.
აქცია 18:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება და აქციის მონაწილეები მსვლელობით, თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ.