პოეტი პაატა შამუგია საპატრიარქოს და სანდრო ბრეგაძეს ღია წერილით მიმართავს და გამოთქვამს გაკვირვებას მათ რეაქციასთან დაკავშირებით, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართულ პრემიერას ეხება. შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს წარმომადგენელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ამ ფილმის მიმართ მათი დამოკიდებულება უარყოფითია, ხოლო სანდრო ბრეგაძე „ქართული მარშის“ სახელით პრემიერის ბოიკოტირებას გეგმავს.
გთავაზობთ პაატა შამუგიას სტატუსს ამ თემაზე:
„კითხვითი ღია წერილი საქართველოს საპატრიარქო-ს და ცოტათი Sandro Breg-საც 😉
ვუსმინე თქვენი ორგანიზაციის პრესსპიკერს, ანდრია ჯაღმაიძეს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელი ათი წელია, წიგნისკენ საერთოდ არ გაუხედავს. სავარაუდოდ, პრესრელიზების კითხვას გადაჰყვა. სამაგიეროდ, ნაკლის კომპენსირებას, როგორც ჩანს, ფილმების ყურებით ცდილობს და ქართულ-შვედურ ფილმზე დაუდგამს თვალი. როგორც ბატონი ანდრია ამბობს: “და ჩვენ ვიცეკვეთ” არის “ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობა და ამაზე ეკლესია პროტესტს გამოთქვამს“.
ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ იქნებ ჯერ მაინც საკუთარ სივრცეში გაგერკვიათ, რომლები ხართ გეები და რომლები – ჰეტეროები, თორემ ნამეტანი დაბნეულები და დიდად დაბრკოლებულები ვართ გარედან მაყურებლები.
მარტო გეების თემა რატომ გაღელვებთ? ტრავმა გაქვთ რამე? ნუ დაგვიმალავთ.
სად იყავით, როცა თვალგამოთხრილ ახალგაზრდებს ქართულმა „სასამართლომ“ დაზარალებულის სტატუსიც კი არ აღირსა?
ასი ათასი ეგზალტირებული ადამიანი რომ გამოიყვანეთ სამი გეის საცემად, სოციალური უსამართლობის გამო ოცი კაცი მაინც რატომ არასოდეს გამოიყვანეთ?
77 ათასი ბავშვი რომ შიმშილობს ამ ქვეყანაში, ეგ ეკლესიას არ ეხება? ასეთ ამბებზე რატომ არ ისმის ხოლმე თქვენი ხმა?
რატომ ისმის თქვენი ხმა მხოლოდ მაშინ, როდესაც სუსტებს და გარიყულებს ხმის ამოღების და თვითწარდგენის სურვილი უჩნდებათ? მარტო გეებზე ხურდებით? მე არ გკიცხავთ – სიყვარული სიყვარულია, მაგრამ ფორმები გაქვთ დასახვეწი, ასეთი ბრუტალურობა აღარაა „ცვეტში“.
რას აკეთებდით 2012 წლამდე? აჰ, ეს სხვა შეკითხვაა, ნუ მიაქცევთ ყურადღებას.
გმადლობთ“.