28 ივლისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ პაატა თედიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც გადაცემაზე „პრაიმ ჰაუსი“ და ახალ სიმღერაზე „500-600“ ისაუბრა.
პაატა, დღეს გვაქვს სიმღერის „500-600“ პრემიერა, რატომ ეს სახელწოდება?
პროექტში „პრაიმ ჰაუსი“, რომელშიც მონაწილეობას ვიღებდი, სექსუალურ ცხოვრებაზე ვსაუბრობდით და მკითხეს, თუ რამდენი პარტნიორი მყავდა და მე ასე, დაუფიქრებლად დავიძახე 500-600 და ესენი გაოცებულები დარჩნენ. მეორე დღეს სპეციალური სტუმარი გვყავდა, რომელმაც მითხრა, იცი, რა ხდება გარეთ შენს თავსო და ვიფიქრე, რამე ხომ არ მოხდა-მეთქი, რადგან ჩვენ მობილურებთან სისტემატური წვდომა არ გვქონდა. ყველა ჟურნალ-გაზეთი, ინტერნეტ პორტალი, ყველა ამაზე იცინოდა, აკეთებდნენ „მიმებს“, იუმორისტულ ჩანახატებს და რაღაცნაირად ესე გაიქცა ეს ფრაზა, „500-600“. სიმღერა ახალია. სატელევიზიო პრემიერა უკვე იყო, მაგრამ რადიო პრემიერა ჯერ არ ყოფილა. სიმღერას საინტერესო ტექსტი, ტემპი და არაჩვეულებრივი არანჟირება აქვს.
შენ ისე თქვი ეს 500-600 თუ გადათვალე?
არა, ნამდვილად იყო. ხშირად მიფიქრია, ნეტა რამდენი პარტნიორი იყო-მეთქი და შეიძლება, მეტიც ყოფილიყო.
ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
არა, ცოტა ხანი უნდა დავისვენო, რადგან ძალიან რთულად გადამაქვს ხოლმე სასიყვარულო ურთიერთობები, განშორებები, დაკარგვები… უცებ რაღაც მოხდება, გასკდება ხოლმე „ბომბი“ და მერე ვიღვრები ცრემლებად, ტექსტებად და სიმღერებად.
რამდენად მარტივად მიიღე „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობის გადაწყვეტილება?
სამივე სეზონი ჩემს მეგობრებს შეჰქონდათ განაცხადი და ყველა ამბობდა, რომ იდეალური კანდიდატურა ვიყავი და ძალიან ბევრ რაღაცას გავაკეთებდი, მაგრამ 2 სეზონის განმავლობაში ვერ გადავწყვიტე და ვერ მივედი. მესამე სეზონზე, გადაცემა „პრაიმ თაიმის“ ჩაწერაზე შევხვდი ჩემს მეგობრებს, რომლებიც იქ მუშაობენ და მათი სურვილით და თხოვნითაც გადავწყვიტე ეს ამბავი. გავიარე რამდენიმე ტური, იურიდიული ნაწილი, ფსიქოლოგთან გასაუბრება და ა.შ.
ფსიქოლოგმა რაო?
სხვათა შორის, გამიკვირდა, რომ დადებითი პასუხი იყო, რადგან გასაუბრება რომ დასრულდა, ძალიან დიდი პაუზა იყო და ვფიქრობდი, რომ ამ გასაუბრების დროს, ძალიან ბევრი ნიუანსი იყო, რომელიც უსასყიდლოდ გავეცი, მაგრამ მითხრეს, რომ აბსოლუტურად ჯანსაღი ფსიქიკა მაქვს (იცინის).
რამდენად მარტივი იყო თვითონ პროექტში მონაწილეობა?
ძალიან რთული პროექტია, წმინდა ფსიქოლოგიური ომია. გარდა იმისა, რომ პროექტში სხვადასხვა კატეგორიის, მენტალობის, თაობის ადამიანები არიან, ძალიან რთულია ერთ სივრცეში თანაცხოვრებაც, თუმცა მერე რაღაცნაირად ვეჩვევით ერთმანეთს. რთული ნამდვილად იყო, დიდი გამოცდაა.
პროექტში პოპულარობისთვის მიხვედი თუ გამარჯვებისთვის?
მე როდესაც მივედი, მაშინვე ვთქვი, რომ ჩემი მიზანი ბინის მოგება არ იყო. მინდოდა, ხალხს ენახა, როგორია პაატა თედიაშვილი ყოველდღიურ ცხოვრებაში. აქ ვერ ითამაშებ, აუცილებლად გაგეპარება შენი სიყალბე, რასაც მაყურებელი ძალიან კარგად ხედავს.
რამდენი ხანი იყავი პროექტში?
ერთი თვე. მე ძალიან მიხარია, რომ თვითონ მონაწილეებმა არ დამსვეს აუტსაიდერის სკამზე, რადგან მათთან იდეალური ურთიერთობა მქონდა. ყველაზე ასაკიანი ვიყავი, ყველაზე მეტი გამოცდილებით, ყველას ვმფარველობდი და ყველასთან შინაურული ურთიერთობა მქონდა, თუმცა, რა თქმა უნდა, იქ იყო რაღაც დაპირისპირებებიც. ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც მანამდე მე დავსვი აუტსაიდერის სკამზე, რადგან ერთ-ერთი ახალგაზრდა მონაწილის დისკრიმინაციას ახდენდა, შური იძია და ძალიან საკვანძო და რთულ მონაწილეებთან ერთად მომიწია აუტსაიდერებში ყოფნა და თავად პროექტმა გადაწყვიტა, რომ „პრაიმ ჰაუსი“ მე უნდა დამეტოვებინა. არაპროგნოზირებადი პროექტია, ვერაფერს იტყვი და გათვლი წინასწარ.
არ გინდა, რომ სამედიცინო სფეროშიც გააგრძელო მოღვაწეობა?
არა, ლაღი ცხოვრება მინდა, ეს ყველაფერი კი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. 4 წელი ვიმუშავე „სასწრაფოში“ და ძალიან რთული იყო, ვეღარ გავწვდი ღამის თევებს მორიგეობის დროს. ყოველდღე 20-25 ოჯახში ხომ შევდიოდით, მერე ეს ანამნეზის შეკრება, პრეპარატების ქეისის შევსება, დილით ამის გადაბარება… სახლში რომ მოვდიოდი, მეორე დილით რაიონში მივდიოდი, რეპეტიციას ვატარებდი, მერე სადღაც კონცერტი მქონდა, სადღაც გადაღება და ძალიან დატვირთული ვიყავი.
პაატა თედიაშვილი – „500-600“
გადაცემის აუდიოჩანაწერი
პაატა თედიაშვილი.”რადიო დუეტი” ვიდეო კოლაჟი
პაატა თედიაშვილი – აღმოსავლური ბალადა. Live არ დაიდარდო