ხატია წერეთელი, რომელიც პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით იყო დაკავებული, რამდენიმე დღის წინ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.
საპატიმროს დატოვების შემდეგ, ის ჟურნალ „თბილისელებთან“ ციხეში გატარებულ პერიოდზე საუბრობს.
– პაემნებზე, ძირითადად, ვის ნახულობდი?
– პაემნებზე შვილი და ბოიფრენდი მოდიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფართო სამეგობრო წრე მყავს, მხოლოდ ორი გადგა გვერდზე. სხვები დაჭერის წუთიდან ჩემი და ჩემი შვილის გვერდით იდგნენ. თუმცა, ბრალი რომ წამიყენეს, მეგონა, ბევრი მეგობარი ჩემ მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავდა, მაგრამ არა, პირიქით, ყველა გვერდით მედგა და ამან გამაძლიერა.
ძალიან ცუდად ვიყავი და რომ არა ციხის ფსიქოლოგი, რომელიც დამეხმარა, შესაძლოა, ჩემი დეპრესია უფრო ღრმა პრობლემებში გადაზრდილიყო. ღმერთს მადლობა, ციხეში არის ეს ფუფუნება, რომ გყავდეს კარგი, სპეციალიზებული ფსიქოლოგი. ასევე, არ შემიძლია, არ ვახსენო ქალბატონი ნესტან ვერულაშვილი, მეხუთე ქალთა პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ პატიმარმა ქალმა თავი კარგად იგრძნოს. დედასავით ზრუნავს პატიმრებზე, ეხმარება მათ და ყველა დღესასწაულს მათ გვერდითაა.
ახალი წელი, ძველით ახალი წელი, შობა, ნათლისღება – ეს ყველა დღესასწაული იქ გავატარე და როგორც წესი, ამ დღეებში დირექტორები „გულაობენ“, ქალბატონი ნესტანი კი ჩვენ გვერდით იყო და ჩვენ ვიყავით მისი ოჯახი. ის არასოდეს განიხილავს, რა მსჯავრით შედიხარ პენიტენციურ დაწესებულებაში, მისთვის ყველა ქალი პატივსაცემია. თვეში ორჯერ ამანათებსაც ვიღებდი.
ჩემს შვილს მოჰქონდა, არ მიკითხავს ვისგან იყო, თუმცა, ვიცი, ბევრი მიგზავნიდა. თანხასაც მირიცხავდნენ, რომ მეყიდა რამე. იციან, ძალიან მაგარი გურმანი ვარ, მაგრამ – პრეტენზიული მჭამელი. სასწაული ხელი მაქვს და იცოდნენ, ყველაფერს ვერ შევჭამდი და თავად გავიკეთებდი ჩემი გემოვნებით. ციხეში იყო მაღაზიაც და შეძლებისდაგვარად ვყიდულობდით რაღაც-რაღაცებს. ციხე არ არის კომფორტის ზონა, რაც გინდა, გქონდეს.
ელექტროჩაიდანი და ყავის პატარა მადუღარა გვქონდა და იმაში ვამზადებდი საჭმელებს. თან, არ დაგავიწყდეთ, ციხეში მხოლოდ პლასტმასის დანა, ჩანგალი, ჭიქა და თეფშია. აი, ამ ინვენტარით ვამზადებდი ელარჯსაც, მჭადსაც, თაშმიჯაბსაც, ერბოკვერცხსაც და ლობიოსაც (იცინის). მართალია, ხელებს ხშირად ვითუთქავდი ხოლმე, მაგრამ სასწაულად გემრიელი გამოდიოდა ელექტრომადუღარაში ამოზელილი ელარჯი და შემწვარი მჭადი. ბევრისთვის ეს წარმოუდგენელი და შეუძლებელია, მაგრამ მერე ვიდეოს ჩავწერ და დავდებ სოციალურ ქსელში და დარწმუნდებით, რომ მართალს ვამბობ (იცინის). ჩემი თანამესაკნეები განებივრებული მყავდა ჩემი ნამზადით და მელოდებოდნენ, რას გავუმზადებდი ელექტროჩაიდნით (იცინის).
ვიდეო: „მინდა ჭორებს ბოლო მოეღოს…“ – ხატია წერეთელი საზოგადოებას მიმართავს
