LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემია-შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის? – ნინო ზამბახიძე “ბიზნესკურიერის” ეთერში

24
5f4e6f83da6e6

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, სოფელ უდაბნოში პანელური დისკუსია- „პანდემია შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის” გაიმართა. შეხვედრას ამერიკის სრულფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან გიდორი ,ჰოლანდიის სრულუფლებიანი ელჩი მააიკე ვან კოლდამი , ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის, აგროტურისტული ობიექტებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აგროტურისტული ონლაინ პლატფორმის agrogate.world პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ შექმნა და ერთ სივრცეში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აგროტურისტული ობიექტები გააერთიანა.

აღნიშნულ თემაზე, “ბიზნესკურიერის” ეთერში ,,ფერმერთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ნინო ზამბახიძემ ისაუბრა.

„ჩვენ ეს ყველაფერი პანდემიამ დაგვანახა, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ 2021-2022 წელი სოფლის ტურიზმის წლად დაასახელა.
ვნახეთ,რომ ჩვენს მოსახლეობას და მოქალაქეებს არ ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნებში გასვლის საშუალება, შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მათ შიდა ტურიზმის საშუალება მისცემოდათ, მაგრამ ერთი გამოწვევის წინაშე დავდექით, როდესაც ვნახეთ, რომ შიდა ტურიზმის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა, არ ვიცოდით მიმზიდველი ობიექტები სად იყო.
ამიტომ ინიციატივა წამოვიდა, რომ ერთ სივრცეში გაგვეკეთებინა ისეთი ინფორმაციის თავმოყრა, სადაც აგროტურისტული ობიექტები იქნებოდა.
ეს იდეა თავდაპირველად მხარდაჭერილი იყო USAID-ის მიერ,ხოლო შემდეგ მხარდაჭერილი არის Mastercard-ის მიერ, რაც მოიცავს იმას, რომ საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანის ტურისტული ობიექტები პირველ ეტაპზე ერთად მოიყრიან თავს, მოგზაურს ექნება საშუალება, რომ იმოგზაუროს 3 ქვეყანაში, ნახოს კულტურული მემკვიდრეობები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია.
შემდეგ უკვე ამბიცია გვაქვს იმის, რომ გავიდეთ საერთაშორისო არენაზე და დავატანოთ საქართველო კიდევ ერთხელ რუკაზე, რომ ვაჩვენოთ-აქაც იქმნება ისეთი უნიკალური პალტფორმები, რომლის ანალოგიც არ არსებობს.

თავიდან ვგეგმავთ, რომ გავიდეთ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, შემდეგ უკვე გვინდა, რომ ევროპა და ამერიკაც მოვიცვათ.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი პლატფორმა მხოლოდ გააჩნია იტალიას.

ჩვენი პლატფორმა არის booking.com-ის და Airbnb.com-ის საუკეთესო პრაქტიკების შემკრები, შესაბამისად გვინდა, რომ სილიკონზეც გავიტანოთ შესაბამისი პრაქტიკა.

რაც შეეხება აგროტურიზმში არსებულ გამოწვევებს, როგორც ნინო ზამბახიძემ აღნიშნა, ამჯერად სექტორში სარეალიზაციო ბაზრის მიმართულებით აწყდებიან ფერმერები გამოწვევებს.

„გასული წლების განმავლობაში, მზარდი ტურიზმი იყო ქვეყანაში, ფერმერებს სწორედ ამ სერვისების იმედი ჰქონდათ, თუმცა დღეს დიდი გამოწვევაა სარეალიზაციო ბაზარი, ამავდროულად ჩვენ არ ვიცით ეპიდსიტუაცია რას მოგვიტანს. თუ ისევ მოგვიწევს რეგიონების დაკეტვა და მესამე ტალღა ისეთი მძიმე იქნება, როგორც მეორე ტალღის შემთხვევაში გვქონდა, შესაბამისად, ეს ისევ დიდი გამოწვევა იქნება.
მოსავლის აღების, ზოგის დათესვის პერიოდი მოდის. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ მოკლევადიან პერიოდში არის შიდა ტურიზმი”,-აღნიშნა ნინო ზამბახიძემ “ფორტუნას”ეთერში საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g