პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა საქართველოს ეკონომიკის შესახებ განახლებული შეფასება გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, ორგანიზაცია 2021 წლის მეორე კვარტალში 13.9%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის.
რა მოლოდინები აქვთ ექსპერტებს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით და რა ფაქტორები ახდენს გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე პანდემიის ფონზე-აღნიშნულ თემაზე „ბიზნესკურიერთან“ ანალიტიკოსმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ასეთი მაღალი აღდგენის დინამიკას არ მოელიან.
„ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია, თუმცა ამხელა პროცენტით ჩვენ არ ვვარაუდობთ, შეიძლება გვქონდეს დაახლოებით, 8%-ის ფარგლებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ როცა წლიურ ჭრილში მონაცემები შეფასდება გვექნება მაღალი პროცენტული ზრდა.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლოს 2-3%-ს ფარგლებში გვექნება ეკონომიკური ზრდა.“-აღნიშნა ეკონომისტმა.
შენგელიამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პანდემიამდელ მდგომარეობას ქვეყანა 3-4 წლის შემდეგ დაუბრუნდება.
„რასაც მთავრობა აცხადებს, რომ 1-2 წელიწადში აღადგენენ ვითარებას, ეს არ გამართლდება იმიტომ, რომ რეალობა ძალიან მძიმეა.
მაღალი ეკონომიკური ზრდაც რომ დაფიქსირდეს, მოსახლეობა ამას საკუთარ ჯიბეზე ჯერჯერობით ვერ იგრძნობს.”-განაცხადა ნიკა შენგელიამ.
რაც შეეხება ლარის კურის გამყარებას, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ფიქსირდება, ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ლარის გამყარება დროებითია.
„ლარის კურსის გამყარებას ხელი შეუწყო ძირითადად 3-მა ფაქტორმა.
რეფინანსირების სესხები შემცირებულია, აპრილის თვეში, ფაქტობრივად, გაიზარდა ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხა, ტრანზაქციები. 194 მილიონი შეადგინა, ეს კი ძალიან დიდი ციფრია, ასეთი ჯერ არც გვქონია და მთავარი არის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება აპრილის თვეში.
გამომდინარე ამ სამი ფაქტორიდან დოლარზე მოთხოვნა შემცირდა.
ხალხს არ აქვს ფული იმისთვის, რომ შეიძინოს დოლარი დაფაროს სესხი ან სხვა ოპერაცია განახორციელოს.
ლარის კურსის შედარებით გამყარება იმედს გვაძლევს, რომ ფასების ზრდა ოდნავ შეჩერდება. მაგრამ, როგორც კი ლარი დაიწყებს გაუფასურებას და ჩვენ ამას 6-10 ივნისიდან ვპროგნოზირებთ, ფასების ზრდა ზოგიერთ პროდუქტზე შეიძლება კიდევ დაფიქსირდეს.
მაგრამ, რაც შეეხება აგრარულ პროდუქტებს, უკვე ივლისის დასაწყისიდან ფასების ზრდას არ ველოდებით, რადგან ადგილობრივი პროდუქცია დაიწყებს ნელ-ნელა შემოსვლას მასობრივად.
ახლაც შემოსულია ადგილობრივი პროდუქცია და ვხედავთ, რომ ფასები ოდნავ დაბლა წამოვიდა.“-განაცხადა ნიკა შენგელიამ „ფორტუნას“ ეთერში.