გენდერული უთანასწორობა, შემოსავლების შემცირება, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესება და ოჯახში ძალადობის შემთხვეევბის ზრდა – 2020 წელს მსოფლიო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, ეს კი ის სოციალური პრობლემებია, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავა პანდემიამ.
აღნიშნულ გამოწვევებზე საუბარია კვლევაში “საქართველოში კოვიდ-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება”, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობების ხელშეწყობით განახორციელა.
სწორედ ამ კვლევის მიხედვით:
❗ პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობა;
❗ გამოკითხულთა დიდი ნაწილის განცხადებით, პანდემიის ფონზე, მათი შემოსავლები შემცირდა, ხოლო ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა;
❗ გამოვლინდა ოჯახში ძალადობის ზრდის ნიშნები. პანდემიამ განსხვავებული გავლენა მოახდინა სხვდასხვა სქესის, პროფესიისა თუ ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანებზე.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ პანდემიის შედეგების სიმძაფრე განსხვავებულია ქვეყნის რეგიონების მიხედვით.
როგორც გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა აღნიშნა, საქართველო ცდილობს გამოვიდეს კრიზისიდან და შეუდგეს უფრო მდგრადი და თანასწორი საზოგადოების მშენებლობას. ამ ვითარებაში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის ყველა ასპექტის შესწავლა და იმის გაცნობიერება, თუ რა გავლენა მოახდინა ამ გლობალურმა და ეროვნულმა კრიზისმა თანასწორობასა და სოციალურ სამართლიანობაზე.
შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი ამბობს, რომ პანდემიამ განაპირობა საგანგებო გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა, როგორც პოლიტიკაში, ასევე საჯარო და ბიზნეს სექტორებში.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილებები ყველას თანაბრად ეხება, მათი ავტორები ხშირ შემთხვევაში კაცები არიან. პანდემიაზე რეაგირების მიზანია კრიზისიდან გამოვიდეთ და უკეთესი სამყარო ავაშენოთ. ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ქალთა წარმომადგენლობა და პოლიტიკური მონაწილეობა სრულად იქნას გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში”.
განხორციელებული კვლევა და მისი შედეგები:
კვლევა ჩატარდა 2020 წლის მაისსა და ოქტომბერში. ჩატარებული კვლევები პანდემიის მიმდინარეობის ორ განსხვავებულ ეტაპს ასახავს.
◼ პირველი კვლევა – მკაცრი “ლოქდაუნის” ფონზე, როდესაც გადაადგილება და კომერციული საქმიანობა რეგულაციებით იყო შეზღუდული, კორონავირუსით გამოწვეული სასიკვდილო შემთხვევების რაოდენობა კი ჯერ კიდევ ერთეულებს ითვლიდა;
◼ მეორე გამოკითხვა – ოქტომბერში, რომელიც რეგულაციების ძირითადი ნაწილის გაუქმებასა და კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას დაემთხვა.
კვლევების პერიოდის პარალელურად, განსხვავებული იყო მიღებული შედეგებიც:
◾ ოქტომბერში გამოკითხულთა 13 პროცენტმა თქვა, რომ მათი ოჯახის წევრებმა უკვე გადაიტანეს ან ამჟამად დაავადებულები არიან კოვიდ-19-ით, მაშინ როდესაც მაისში ეს მონაცემი 9 პროცენტით უფრო დაბალი იყო;
◾ ორივე კვლევამ გამოავლინა, რომ პანდემიის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. ოქტომბერში გამოკითხულთა 17 პროცენტმა (დასაქმებული ქალების 20 პროცენტმა და დასაქმებული კაცების 15 პროცენტმა) განაცხადა, რომ დაკარგა სამუშაო, ხოლო 43 პროცენტმა (კაცების 49 პროცენტმა და ქალების 39 პროცენტმა) აღნიშნა, რომ მათი შემოსავალი შემცირდა;
◾ კვლევის შედეგების მიხედვით, სამსახურისა და შემოსავლის დაკარგვის ალბათობა სამჯერ უფრო მაღალია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლთა შემთხვევაში.
გაეროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმების მხრივ, ქალები არათანასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან:
◾ ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე, ქალთა დაახლოებით ნახევარი ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობად ითვლებოდა, არც დასაქმებული იყო და არც სამსახურს ეძებდა. კაცების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 16 პროცენტს შეადგენდა. ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არაანაზღაურებადი ოჯახური შრომის ტვირთია, რომელსაც საქართველოში ძირითადად ქალები ეწევიან;
◾ პანდემიის დროს, კაცებმაც და ქალებმაც აღნიშნეს, რომ მეტ დროს უთმობდნენ ოჯახურ საქმიანობასა და ბავშვების მოვლას, თუმცა ამ მხრივ იმთავითვე არსებულმა გენდერულმა უთანასწორობამ აქაც იჩინა თავი. ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვის დროს, კაცების 47 პროცენტმა განაცხადა, რომ არასდროს დაულაგებია სახლი, 43 პროცენტმა თქვა, რომ არასდროს გაუკეთებია საჭმელი, ხოლო 33 პროცენტმა დაადასტურა, რომ არასდროს მოუვლია ბავშვებისთვის.
◾ საოჯახო საქმის ასეთმა არათანაბარმა განაწილებამ განაპირობა, რომ ბავშვებიანი ქალების უმრავლესობისთვის დატვირთვა კრიტიკულად გაიზარდა, განსაკუთრებით სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში გადასვლის შემდეგ.
პანდემიის მძიმე ეკონომიკური შედეგების საპასუხოდ, საქართველოს მოსახლეობამ მყისიერ ზომებს მიმართა.
◾ გამოკითხულთა 41 პროცენტმა განაცხადა, რომ ოჯახის ფულადი დანაზოგი შემცირებული შემოსავლების შესავსებად დახარჯა, 33 პროცენტმა შეამცირა ჯანმრთელობაზე გამიზნული ხარჯები, 19 პროცენტმა აიღო საბანკო სესხი, 15 პროცენტმა შეამცირა ხარჯები განათლებაზე, ხოლო 7 პროცენტმა დაიწყო პირადი საკუთრების გაყიდვა.
◾ ოქტომბერში, გამოკითხულთა 42 პროცენტმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან ფულადი დახმარება მიიღო, რაც მაისთან შედარებით, 35 პროცენტით მეტია. 13 პროცენტმა ასევე თქვა, რომ სხვადასხვა სახის არაფულადი დახმარებაც მიიღო.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მენტალურ ჯანმრთელობას, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მისი გაუარესება პანდემიით გამოწვეული კიდევ ერთი მტკივნეული შედეგია.
◾ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდის, ხოლო გენდერული განსხვავება აქაც საკმაოდ მაღალია – ქალების 57 პროცენტი და კაცების 40 პროცენტი;
“პანდემიამ კიდევ უფრო გააუარესა ქალთა მდგომარეობა საქართველოში. სკოლების დახურვამ და ოჯახური საქმიანობის არაპროპორციულმა განაწილებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ქალთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. კაცებთან შედარებით, ქალები უფრო ხშირად ცდილობდნენ შემოსავლების შევსებას ჯანმრთელობაზე გამიზნული ხარჯების შემცირებით. ამის გათვალისწინებით, ქალთა ხელშეწყობა კრიზისული ვითარების დროს დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.” – ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.
კვლევის ავტორებმა ასევე შეისწავლეს, რას ფიქრობს მოსახლეობა პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის ზრდის შესახებ
◾ გამოკითხულთა 20 პროცენტმა (ქალების 23 პროცენტმა და კაცების 17 პროცენტმა) დაადასტურა, რომ თავად განუცდია ან სმენია ოჯახში ძალადობის მომატებული შემთხვევების თაობაზე;
◾ ქალთა 40 პროცენტმა იცის ფსიქოლოგიური დახმარების მომსახურებაზე, მაგრამ სამი ქალიდან მხოლოდ ერთს სმენია თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების შესახებ;
◾ კაცების შემთხვევაში, ცნობიერება კიდევ უფრო დაბალია. ოჯახური ძალადობის მხრივ არსებულ სერვისებზე ცოტა რამ იციან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა და ადამიანებმა უმაღლესი განათლების გარეშე.
როგორც კვლევის შედეგებშია აღნიშნული, ექსპერტების აზრით, როგორც პანდემიის დაწყებამდე, ისე პანდემიის დროს, საზოგადოებაში არსებული სოციალური სტიგმა მნიშვნელოვნად ამცირებს ქალთა მიმართ ძალადობაზე ღიად საუბრის ალბათობას.
საქართველოს მოსახლეობას კი კვლავ არასაკმარისი ინფორმაცია აქვს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების მხრივ არსებულ სერვისებზე.