LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის პერიოდში, საქართველოში უმუშევრად დარჩენილთა 89% ქალია

87
florida-guilty-of-cutting-unemployment-benefits-for-unemployed

პანდემიის პერიოდში, საქართველოში უმუშევარი გაცილებით მეტი ქალი დარჩა, ვიდრე – მამაკაცი. ამის შესახებ საუბარია ინფორმაციაში, რომელსაც კვლევითი ინსტიტუტი ISET ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად კი, 2020 წლის მე-2 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევართა რიგებს 15,600 ადამიანი შეემატა, რომელთა 11% კაცია (1,7 ათასი), 89% კი – ქალი (13,9 ათასი). ამრიგად, 2019 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით, მამაკაცებში უმუშევრობის დონე მხოლოდ 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ქალებში კი – 1,8 პროცენტული პუნქტით.

„დასაქმების შესახებ ისტორიული (გრძელვადიანი), კვარტლური მონაცემების უკმარისობის გამო, ძნელია ზემოთ ხსენებული ფაქტის ახსნა. ამგვარი ტენდენცია შეიძლება გამოწვეული იყოს მონაცემთა გარკვეული თავისებურებით. მაგალითად, დასაქმებულთა და უმუშევართა რიცხვი შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს კვარტლიდან კვარტლამდე (სამუშაოების სეზონური ხასიათის გამო) ან სხვადასხვა წლების ერთსა და იმავე კვარტლებს შორის (ეკონომიკის სტრუქტურაში ცვლილებების გამო).

თუ თავს დავანებებთ მონაცემების თავისებურებებს, როგორ უნდა ავხსნათ ქალებსა და მამამაკაცებს შორის პანდემიის დროს დაქირავებით დასაქმებაში ამხელა სხვაობა?

სავარაუდოდ, პანდემიის შედეგად დაზარალდნენ ის სექტორები, სადაც უმეტესად ქალები იყვნენ დასაქმებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძნელია, ზუსტად შევაფასოთ ეკონომიკური აქტივობების შეჩერების გავლენა ეკონომიკაზე, სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ყველაზე მეტად დაზარალდა მომსახურების სექტორი (მაგ. სასტუმროებმა და რესტორნებმა ან შეწყვიტეს მუშაობა ან მკაცრად შეზღუდულნი იყვნენ თავიანთ საქმიანობაში; მომსახურების სხვა სექტორები (მაგ. საცალო ვაჭრობა, რომელიც, ძირითადად, საჭიროებს პირისპირ ურთიერთქმედებას), მეტწილად შეჩერებული იყო). ხოლო ტრანსპორტმა (გადაზიდვებმა), მშენებლობამ და სოფლის მეურნეობამ, შეზღუდულად, მაგრამ განაგრძეს მუშაობა. 2018 წლის დასაქმების სტატისტიკის (საქსტატის ბიზნეს სტატისტიკა) თანახმად, პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები სწორედ ის სექტორებია, სადაც უმეტესწილად ქალები არიან დასაქმებულნი. ეს სექტორებია: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (54% ქალი, 46% მამაკაცი); ხელოვნება, გართობა და დასვენება (47% ქალი, 53% მამაკაცი); სხვა მომსახურეობები (56% ქალი, 44% მამაკაცი). ამ სექტორებში ქალების დასაქმება ბიზნეს სექტორის საშუალოზე (40% ქალი და 60% კაცი) უფრო მაღალია. 2018 წელს, ზემოთ აღნიშნულ სექტორებში სულ 37,900 ქალი მუშაობდა. აქედან 24,700 ქალი დასაქმებული იყო განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების სექტორში. ქალებში უმუშევრობის დონის ზრდის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს შინამოსამსახურეებზე მოთხოვნის შემცირება. შინამოსამსახურეები კი ძირითადად ქალები არიან (დაახლოებით 99%, 2019 წლის მონაცემებით). სავარაუდოდ, პანდემიამ უმუშევრად დატოვა დამლაგებლები, მზარეულები და ძიძები, რამაც გამოიწვია ის, რომ „ახალ“ უმუშევრებს შორის 89% ქალია,“- წერია ISET-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g