პიცის ცნობილმა ამერიკულმა ქსელმა „Papa Johns“, დაბალი გაყიდვებისა და მაღალი კონკურენციის გამო, ასობით ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მეტიც, კომპანიის ფინანსური დირექტორის რავი ტანავალას თქმით, 2027 წლის ბოლოსთვის ჩრდილოეთ ამერიკაში ფუნქციონირებას შეწყვეტს, დაახლოებით, 300 რესტორანი, ანუ ისეთი ობიექტები, რომლებიც ბრენდის მოლოდინებს ვერ აკმაყოფილებს ან არ აქვს ფინანსური გაუმჯობესების მკაფიო პერსპექტივა.
კომპანიის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის ბოლოსთვის „Papa Johns“-ი, დაახლოებით, 3500 რესტორანს ფლობდა. ფილიალების დახურვასთან ერთად, ბრენდმა 7%-ით (დაახლოებით, 700 ადამიანით) შეამცირა სამუშაო ძალაც.
როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ტოდ პენეგორი აცხადებს, „Papa Johns“-ი საქმიანობის გაუმჯობესებას ცდილობს – მთავარი აქცენტი მენიუს განახლებაზე კეთდება. მისი გადაწყვეტილებით, პიცის ხარისხის გასაუმჯობესებლად და ასორტიმენტის გასამრავალფეროვნებლად, რესტორნებში ღუმელები თავიდან დაკალიბრდა. სხვათა შორის, ქსელმა ცოტა ხნის წინ ახალი ტიპის pan pizza წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ „Papa Johns“-ის კონკურენტმა ქსელმა „Pizza Hut“ მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა, რომ წლის პირველ ნახევარში, დაახლოებით, 250 ობიექტს დახურავს. სამაგიეროდ, აშკარა ლიდერად რჩება „Domino’s Pizza“, რომლის კვარტალური შემოსავლები მხოლოდ იზრდება.
შეგახსენებთ, „Papa Johns“-მა ამერიკულ ბაზარზე ოპერირება 1984 წელს დაიწყო და თანდათან იქცა გლობალურ ბრენდად. ამჟამად ის რესტორნებს მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში ფლობს.
