პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას ეხმაურება.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს“.
„ეს არის სწორედ სწორი ინსტიტუციური მოწყობის შედეგი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ჩვენ ამას ვგულისხმობთ კიდეც.
თავად ის ფაქტი რომ პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახური ავლენს სავარაუდო კორუფციულ შემთხვევებს, აჩვენებს, რომ ხელისუფლება როდესაც საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ამას გულისხმობს კიდევ და პირიქით, ეს აჩვენებს თავად გუნდის სიძლიერეს და მოწადინებას, რომ რაიმე მანკიერი გამოვლინება გუნდის შიგნით არ იყოს“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გრიგოლ ლილუაშვილის ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“
