LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: პრეზიდენტის ქმედება არის სიგნალი, რომ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი არ ფასდება

87
უსათაურო დიზაინი (1)

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმით, რომ პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა არ წარადგინა, სალომე ზურაბიშვილმა კალანდარიშვილის დისკრედიტაციულ კამპანიას შეუწყო ხელი.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ეს არის სამწუხარო სიგნალი პრეზიდენტის მხრიდან საჯარო მოხელეების მიმართ, რომ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი არ ფასდება:

“ცესკოს თავმჯდომარეს ჰქონდა მრავალპარტიული მხარდაჭერა პარლამენტში.

ისეა წარმოჩენილი, თითქოს ერთპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა ორი მესამედისთვის არ იყო საკმარისი, ვინაიდან “ნაციონალურ მოძრაობას” სხვა გეგმა აქვს, სიტუაციის არევის რადიკალური გეგმა აქვთ.

რაც შეეხება წარდგენა – არ წარდგენის საკითხს, ცესკო-ს თავმჯდომარემ თავი გამოიჩინა პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით, წლებია საჯარო სამსახურშია. მის წინააღმდეგ მათ შორის წინა არჩევნების დროს იყო დისკრიმინაციული კამპანია და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით ამ დისკრედიტაციულ კამპანიას ხელი შეუწყო. ეს არის სამწუხარო სიგნალი პრეზიდენტის მხრიდან საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ფასდება არა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, არამედ გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით, პოლიტიკურად რამდენად ჩათვლის ვინმე ამას საჭიროდ.

არ არსებობს არცერთი შენიშვნა მოქმედი თავმჯდომარის მიმართ ოპოზიციის მხრიდანაც კი, რაც მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში შეიტანდა ეჭვს. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ამით საჯარო მოხელეებს დაანახა, რომ მათ პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას დაფასება არ აქვს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა. კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეხმიანება ცენტრალური საარჩევნო კომისია და განცხადებას ავრცელებს:

“საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური ინსინუაციების მიზეზი გახდა.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განმარტება მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მან იხელმძღვანელა პოლიტიკური მოტივებით.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მუშაობს დემოკრატიული პრინციპების დაცვით, მაღალი პროფესიული სტანდარტით, გამჭვირვალედ და სამწუხაროა, რომ ამ ინსტიტუციის და მისი წარმომადგენლების საქმიანობის შეფასება არა ობიექტური კრიტერიუმებით, არამედ პოლიტიკური მოტივებით ხდება.

აქვეე გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ პრეზიდენტის მიერ კონკურსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი თავმჯდომარე, კანონის შესაბამისად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას”, – აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.