პარლამენტის თავმჯდომარე “შავ სიებთან” დაკავშირებით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ეხმიანება და აცხადებს, რომ “შავი სიები” “ნაციონალური მოძრაობის” ცნობილი მეთოდია.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ენმ-ის წევრებს ახლა ოპოზიციაშიც აქვთ “შავი სიები” იმისთვის, თუ ვინ უნდა დააბულინგონ:
“რაც შეეხება ამ “შავ სიას”, ეს ხომ ახალი არ არის, ეს ზოგადად, ცნობილი მეთოდია, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის”. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც “შავი სიები” ჰქონდათ და ყველამ იცის ეს, “შავი სიები” – ვინ უნდა მიეწვიათ კონცერტზე და ვინ არა; “შავი სიები” – ვინ უნდა მიეღოთ სამსახურში და ვინ არა.
ახლა ოპოზიციაში აქვთ “შავი სიები”. დიდი ხანია, ეს “შავი სიები” მათ აქვთ, თუ ვინ დააბულინგონ და ვინ არა, ვინ დაამუნათონ და ვინ არა. როდესაც ხელისუფლებაში მოვლენ, მიუბრუნდებიან ამ შავ სიებს, უკვე სხვანაირად გამოიყენებენ იმ რეპრესიებისთვის, რაც მათ ხელისუფლების დროს ჰქონდათ”, – თქვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე სააკაშვილთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეასაც გამოეხმაურა:
“რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ეს არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინსტრუმენტი, რომელიც 50 დეპუტატს შეუძლია გამოიყენოს. ასე რომ, ვინც არის ინიციატორი, ის უნდა შეეცადოს, შეაგროვოს 50 დეპუტატის მხარდაჭერა.
როგორც ვიცით, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს საუბარი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან და ეს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურაა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო საზოგადოებას მიმართა, დაუბრუნდნენ კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა “შავი სიის” იდეას.
მისი თქმით, “შავ სიაში” ის ადამიანები უნდა იყვნენ შეყვანილი, ვინც იარაღი ჩაუდო არჩევნების პერიოდში ყოფილ პოლიციელებს, ვინც მოიპარა დიდი რაოდენობით ხალხის საბიუჯეტო ფული, ვინც გაყალბებით შეკერა კარტოგრაფების საქმე, ვინც მიიღო მონაწილეობა მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში.