პარლამენტის თავმჯდომარე ბოლო პერიოდში ქვეყანაში ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებს ეხმიანება.
როგორც შალვა პაპუაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საჭიროა პარლამენტში, ფემიციდთან დაკავშირებით მომუშავე ჯგუფმა გადახედოს, საკანონმდებლო კუთხით რისი დახვეწაა შესაძლებელი.
პაპუაშვილის თქმითვე, 2005 წლიდან საქართველოში ფემიციდის შემთხვევები შემცირებულია:
„მინდა გამოვეხმაურო ქალთა მიმართ დანაშაულებს. ვნახეთ, რომ ბოლო დღეებში რამდენიმე შემზარავი ფაქტი იყო, რაც პარლამენტის ყურადღებას იმსახურებს, განსაკუთრებით, ეს შეეხება კანონმდებლობის აღსრულების საკითხებს. წლების განმავლობაში საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებით, მათ შორის აღსრულების კუთხითაც ჩვენმა ქვეყანამ შეძლო, რომ ფემიციდის შემთხვევები სამჯერ ნაკლებია, თუ შევადარებთ მაგალითად, 2005 წელს, ხოლო ორჯერ ნაკლები 2012 წელთან შედარებით. 2016 წელთან შედარებითაც არის კლება, თუმცა რა თქმა უნდა, ყოველი ეს ფაქტი შემზარავია. ჩვენს ქვეყანას თუ შევადარებთ ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს, ჩვენთან ამ კუთხით საშუალო მდგომარეობაა.
მნიშვნელოვანია, შევხედოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, იმ ქვეყნების, რომლებმაც შეძლეს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, რა გამოცდილებაა და როგორ შეიძლება, ეს საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს. იცით, რომ პარლამენტში არის სამუშაო ჯგუფი, მათ შორის ფემიციდთან დაკავშირებით, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს. ამიტომ ალბათ ჩვენ კიდევ ერთხელ ყურადღებით უნდა შევხედოთ, საკანონმდებლო კუთხით რისი დახვეწა შეიძლება, თუმცა ამავე დროს, მნიშვნელოვანია ამ კანონის აღსრულება და ცნობიერების ამაღლება.
თითოეული ასეთი მსხვერპლი ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ბრძოლა, განსაკუთრებით ეს შეეხება ქალთა მიმართ ძალადობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თელავში ახალგაზრდა ქალი მოკლეს