LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარფიუმერიაში, რომელიც საქართველოში იყიდება, ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმოჩნდა

2769
dsafaf

მომხმარებელი.გე-მ თბილისის მაღაზიებში 35 დასახელების პროდუქცია შეიძინა და შესასწავლად საფრანგეთის ლაბორატორიებში გადააგზავნა.

ნიმუშებიდან ხუთი დასახელების პროდუქციაში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში.

პროდუქტები სადაც აკრძალული პარაბენები აღმოჩნდა:

  • ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი „Garnier“ (პარტიის 28R700). მწარმოებელი ქვეყანა გერმანია.
  • ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი “Amalfy”. გამოშვების თარიღი: 08.03.19. პარტიის 10:70. მწარმოებელი ქვეყანა, ესპანეთი.
  • თმის საღებავი “CLAIROL“. პარტიის 0267030300. მწარმოებელი ქვეყანა, მექსიკა.
  • თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline. შტრიხკოდის 5902082520757. წარმოებულია EU-ში.
  • ფრჩხილის ლაქი “Olivia“. გამოშვების თარიღი: 14.05.2019. მწარმოებელი ქვეყანა, თურქეთი.

პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება, როგორც კონსერვანტები, პროდუქტის გაფუჭებისაგან დასაცავად და გამოყენების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად.

დადგენილია პარაბენების უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე – მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნერვულ და იმუნურ სისტემაზე.

პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების გამოყენება ევროკავშირში ნორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშაა. ზოგიერთი პარაბენის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთისა კი დაშვებულია გარკვეული დოზით, რიგ პროდუქციაში.

საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტის სახით მოქმედებს, არ ითვალისწინებს ბოლო 18 წლის მანძილზე წარმოშობილ, თუ გამოვლენილ საფრთხეებს. ჩვენი ინფორმაციით საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის შესამოწმებლად. ამ პირობებში, რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა.  ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება – სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუაში გაუქმდა.

ამგვარად, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში არ ხდება, რაც საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში აყენებს ამ პრობლემას და მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის ეტაპობრივად დასანერგად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შესაბამისი რეაგირება არ ჩანს.

მოცემული კვლევით კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებასა და მთლიანად საზოგადოებას ამ პრობლემის შესახებ და მოვითხოვთ რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად!

კვლევის შედეგების თაობაზე იგზავნება წერილები მთავრობაში, პარლამენტში და შესაბამის მეწარმეებთან, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხერხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g