LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი – რჩევები პარიზში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

პარიზის აღწერას აზრი არ აქვს. ამ ქალაქს, როგორც არცერთ სხვას, არ სურს და არც შეუძლია რაიმე ჩარჩოში მოექცეს და სტერეოტიპებს იცავდეს.

პარიზი ერთდროულად ელიტური და დემოკრატიულია, მხიარული და სევდიანია, კაშკაშაა და ცოტა წვიმიანი – და თითოეულ ადამიანს თავისი პარიზი აქვს. ხოლო რომ აღმოაჩინოთ საკუთარი პარიზი, შეიყვაროთ ის და საკუთარი ნაწილი სამუდამოდ დატოვოთ, ამისთვის ბევრიც არაფერია გასაკეთებელი – უბრალოდ უნდა წახვიდეთ!

 

პარიზის 10 მთავარი ღირსშესანიშნაობა

 

ეიფელის კოშკი

პირველ ადგილზე ეიფელის კოშკია. ტურისტების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილი მსოფლიოში და როგორც პარიზის, ასევე მთელი საფრანგეთის სიმბოლო.

უახლოესი მეტროსადგურები: Bir-Hakeim (6 განშტოება), Trocadéro  (6 და 9 ხაზი).

ეიფელის ტური 17 ევრო ღირს ზრდასრული ადამიანისთვის, მუშაობს 9:00-24:00 სთ.

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

დედაქალაქის ყველაზე მონახულებადი ადგილია ნოტრ-დამ-დე-პარი. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის განადგურება უნდოდათ, მაგრამ ვიქტორ ჰიუგოს წიგნის წყალობით, ღირსშესანიშნაობა გადარჩა. ტაძარი დიდებულია.

უახლოესი მეტროსადგური: Cité (4 განშტოება).

შესვლა უფასოა. თუმცა თუ ნოტრ-დამის კოშკზე გინდათ ასვლა, ცალკე ბილეთი უნდა იყიდოთ. აქ ყოველთვის დიდი რიგებია, რასაც თავიდან აიცილებთ, თუ პრიორიტეტულ ბილეთს შეიძენთ.

 

ლუვრი

მსოფლიო მუზეუმი ადრე ფრანგი მონარქების რეზიდენცია იყო, ამჟამად კი ხელოვნების უზარმაზარ კოლექციას მოიცავს. აქ არიან ვენერა, მონალიზა, მარიანა… მოკლედ, ცნობილი ქალბატონები ლუვრში ცხოვრობენ.

უახლოესი მეტროსადგურები: Palais Royal – Musée du Louvre (1 განშტოება).

ფასი: 17 ევრო ძირითადი ექსპოზიციის დათვალიერება.

 

დისნეილენდი

პარიზის დისნეილენდი ერთ-ერთი უდიდესი და ცნობილი პარკია მსოფლიოში. მას ყოველწლიურად 15 მილიონი ადამიანი სტუმრობს. პრინციპში ეს ორი უზარმაზარი პარკია, სადაც გართობა და ატრაქციონები ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს.

უახლოესი სადგური RER: Marne-la-Vallée

ფასი: 70 ევრო.

 

ელისეის მინდვრები

ელისეის მოედანი არა მარტო ღირსშესანიშნაობაა, არა მარტო ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, ცნობილი და ლამაზი ქუჩაა მსოფლიოში, არამედ სავაჭრო ცენტრიცაა. აქ ნახავთ უამრავ ძვირფას ბუტიკებს, რესტორნებს და მსხვილი კომპანიების ოფისებს.

უახლოესი მეტროსადგურები: Concorde სადგურიდან Charles de Gaulle – Etoile სადგურამდე (1 განშტოება).

 

ტრიუმფალური თაღი

ნაპოლეონმა ის თავისი გამარჯვებების პატივსაცემად აღმართა და აქ ყველა დაპყრობილ ქალაქს ინიშნავდა. თაღის ქვეშ უცნობი ჯარისკაცის საფლავია.

უახლოესი მეტროსადგური: Charles de Gaulle – Etoile (1 განშტოება).

ფასი: 12 ევრო.

 

ვერსალი

საფრანგეთის ოთხი მეფის რეზიდენცია პარიზიდან 40 კილომეტრშია. ასე სპეციალურად ააშენეს, რათა რევოლუციას სასახლემდე არ მიეღწია. თუმცა…

უახლოესი სადგური RER: Versailles – Château (С ხაზი).

ფასი: სასახლეში ვიზიტი 15 ევრო. პარკის დასათვალიერებლად ცალკე ბილეთია საჭირო.

 

ალექსანდრე III ხიდი

პარიზის კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა სენა და მასზე გადებული ხიდები. ყველაზე ლამაზია ალექსანდრე III ხიდი.

 

 

მულენ რუჟი

წითელი წისქვილი – პარიზის ყველაზე ცნობილი კაბარე და ერთ-ერთი ცნობადი ღირსშესანიშნაობა.

უახლოესი მეტროსადგური: Blanche (მეორე განშტოება).

ფასი: სპექტაკლზე დასწრება 95-დან 250 ევრომდე.

 

მონმარტრი

რაიონი მონმარტრი: აქ ცხოვრობდნენ ცნობილი მხატვრები, მწერლები, მსახიობები. აქ არის პიკასოს სახლი და დალიდას მოედანიც. უამრავი დუქნები, სადაც ისინი ერთობოდნენ.

უახლოესი მეტროსადგურები: Blanche, Anvers (მეორე განშტოება), Abbesses (12 განშტოება).

 

საკრე

საფრანგეთის ყველაზე დიდი ტაძარი საკრე-კიორი პარიზის ყველაზე მაღალ წერტილზე მდებარეობს. აქ მსახურებას რომის პაპიც ატარებდა. დასათვალიერებელი მოედნიდან მთელი პარიზის ნახვა შეიძლება.

უახლოესი მეტროსადგური: Anvers (2 განშტოება).

შესვლა უფასოა.

 

 

მუნიციპალური ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი და ტრამვაი

უშუალოდ პარიზი და მისი შემოგარენები (ე.წ. „დიდი პარიზი) ერთიანი სატრანსპორტი სისტემით არის დაკავშირებული, რომელიც 5 ზონადაა დაყოფილი. ტარიფიკაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ზონიდან რომელშიც მიდიხართ.

ტურისტისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა 1-2 ზონებშია თავმოყრილი. აქედან გამომდინარე თამამად შეგიძლიათ ჩაჯდეთ ორნიშნა ნომრიან ავტობუსებში და ნებისმიერ მეტროს ხაზზე – ისინი მეორე ზონის იქით არ დადიან.
მიწისქვეშა გადაჯდომისას არ უნდა შეგეშალოთ მეტროს ხაზი და RER: ეს ელექტრომატარებლებია, მიწისქვეშ დადიან და შესაძლოა სადღაც გარეუბნებში გაგაქანოთ. ისე გარჩევა რთული არ არის, RER-ს ორსართულიანი ვაგონები აქვს.

ავტობუსი

პარიზის ავტობუსები მოსახერხებელია, მრავლად დადიან, კომფორტული და სწრაფია, რადგან გამოყოფილ ხაზს იყენებენ. ყველა გაჩერებაზეა მარშრუტების რუქა და გარკვევაც ძალიან რთული არ არის.

სხვათა შორის, პარიზში მიღებულია, რომ ავტობუსის მძღოლს ხელით ანიშნოთ, თორემ შეიძლება გვერდზე ჩაგიაროთ.

ტრამვაი

აქაც იგივე პრობლემაა, რაც RER-თან: ტრამვაი გარეუბნებში დადის და შეუძლიათ სასურველზე ბევრად შორს წაგიყვანოთ, თან კონტროლიორებიც სიამოვნებით იყენებენ მსგავს შეცდომებს.

ბილეთის სახეობა

თუ პარიზის გარეუბანში გაჩერდით, ჯობს ერთჯერადი ბილეთი Origine-Destination შეიძინოთ. მისი ფასი დამოკიდებულია მარშრუტის საწყის და ბოლო გაჩერებებზე. 10 ბილეთიანი წიგნაკის ყიდვა 20%-ით იაფი დაგიჯდებათ. აეროპორტიდან მგზავრობისთვის სპეციალური ბილეთები არსებობს.

ერთჯერადი ბილეთი ticket+ 1.8 ევრო ღირს და მგზავრს ნებისმიერი სახის ტრანსპორტით გადაადგილების საშუალებას აძლევს – RER-დან დაწყებული მონმარტრის ფუნიკულიორით დამთავრებული (მეტროში ticket+-ით სადაც გინდათ ჩახვალთ, აი RER-ის შემთხვევაში კი მხოლოდ 1 ზონაში მოქმედებს).

10 ბილეთიანი წიგნაკი (carnet) 14,1 ევრო დაგიჯდებათ. 3 წლამდე ბავშვები პარიზში უფასოდ დადიან, 4-დან 10 წლამდე – უფროსებზე ორჯერ იაფად. ამ ბილეთით შეგიძლიათ მეტროდან RER-ზე გადაჯდეთ 2 საათის განმავლობაში, ან ავტობუსიდან ტრამვაიზე. მართალია ამ ბილეთით რითაც გინდათ იმით იმგზავრებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ მიწისზედა ტრანსპორტიდან მიწისქვეშა ტრანსპორტზე ვერ გადაჯდებით (და პირიქით) – წინასწარ მოგიწევთ აირჩიოთ გადაადგილების უპირატესი საშუალება.

 

ქუთაისი-ბოვე-პარიზი: პრაქტიკული რჩევები WizzAir-ის რეისების მგზავრებს #ფორტუნაგიდი

 

 

შოპინგი პარიზში

 

პარიზში მოგზაურობა შოპინგის გარეშე წარმოუდგენელია (თუ ფული გაქვთ ბუნებრივია). მაღაზიები ძალიან ბევრია, არჩევანი კი წარმოუდგენლად დიდი.

მუშაობის საათები

პარიზის მაღაზიები როგორც წესი ყოველდღე ღიაა კვირის გარდა. ჩვეულებრივ 10:00 საათიდან მუშაობენ და უმრავლესობა 19:00-20:00 საათზე იკეტება. ზოგიერთი სუპერმარკეტი 21:00 საათამდეა. 24-საათიანი მაღაზიების ნახვა ძალიან რთულია.

პატარა სუვენირების დახლები 7 დღეა ღია და საქონლის ფასი ძალიან განსხვავდება ადგილის მიხედვით. მაგალითად, ეიფელის კოშკის ბრელოკი მონმარტრზე შეიძლება ოთხჯერ უფრო იაფად ნახოთ, ვიდრე თავად ეიფელთან.

ფასდაკლება

ფასდაკლებების პერიოდს საფრანგეთში სახელმწიფო არეგულირებს და წელიწადში ორჯერაა (როგორც პრაქტიკულად მთელ ევროპაში). თითოეული ფასდაკლება თვეზე ოდნავ მეტხანს გრძელდება. ფასდაკლებები მაქსიმუმს სეილების ბოლოს აღწევს და ლამის 80%-მდე ადის.

ზამთრის ფასდაკლება შობის შემდეგ რამდენიმე კვირაში იწყება და იანვრის დასაწყისზე მოდის, ხოლო ზაფხულის – ივნისის ბოლოსაა, საზაფხულო შვებულებების წინ.

 

სად უნდა წახვიდეთ

 

მთავარი მუზეუმი

 

პარიზის ყველა მუზეუმის მონახულება უბრალოდ შეუძლებელია. მხატვრული, ისტორიული, თემატური მუზეუმები, თანამედროვე ხელოვნება და იმპრესიონიზმი – შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი და შეეხეთ იმას, რასაც კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა.

კულტურის გულია ლუვრი და ის არანაირ კომენტარს არ საჭიროებს.

პარიზის სიამაყე – იმპრესიონისტები, ხოლო მთავარი სიამაყე ორსეს მუზეუმი – იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების მდიდარი კოლექცია. რენუარი, ვან გოგი, მანე, მონე, ლოტრეკი, გოგენი, დეგა, პისარო, სისლი და მრავალი სხვა გენიოსი გელოდებათ.
ორსეს მუზეუმი მუშაობს 18:00 საათამდე. ბილეთის ფასი არაევროკავშირელებისთვის 9 ევრო (ისე, 12 ევრო). 9 ევროა ასევე 16:30 სთ-ის შემდეგ. აუდიოგიდი – 5 ევრო.

 

 

კაბარე

თეატრალური ცხოვრების კიდევ ერთი მხარე, პარიზი ხომ წარმოუდგენელია კანკანის გარეშე.
კაბარე „ლიდო“, ლეგენდარული „მულენ რუჟი“, მთელ საფრანგეთში პირველი კაბარე-რესტორანი-კლუბი „ბობინო“, გრაციოზული კაბარე CrazyHorse – მოკლედ, ერთ-ერთში მოხვედრა სავალდებულოა.

 

ეკლესია-ტაძრები

ტრადიციული ტურისტული პუნქტი. საფრანგეთის ერთ-ერთი უმთავრესი ტაძარი თეთრი საკრე-კიორის ბაზილიკაა. პანთეონიც ოდესღაც გრანდიოზული ეკლესია იყო, რომელიც შემდეგ სახელგანთქმული ფრანგების განსასვენებელი გახდა.

კლასიკური სენ-სიულპისის ტაძარი გამოირჩევა დარბაზში გამავალი მერიდიანით, ორღანული მუსიკითა და ვიტრაჟების შესანიშნავი კოლექციით.
სენ-შაპელი – ერთ-ერთი ულამაზესი კათოლიკური ტაძარი მე-13 საუკუნის შუაწელს ააგეს, რომლის არტეფაქტები ჯვაროსნული ლაშქრობების დროს მოაგროვეს (ფასი 10 ევრო).

 

პარიზი სასეირნოდ

მთელ შვებულებას სირბილსა და სიჩქარეში ვერ გაატარებთ. პარიზის და ბურჟუაზიულ სულს მონმარტრზე შეიგრნობთ.

ამას გარდა, უნდა გაისეირნოთ გრანდ-ჟატის კუნძულზე. აქ შთაგონებას ეძებდნენ სერა, მონე, ვან გოგი.
ბოლო წლებში სასეირნოდ კარგი გახდა სენას სანაპირო. ქალაქის მერია ავტომობილებს ზღუდავს და მიიჩნევს, რომ მდინარე ადამიანებს უნდა ეკუთვნოდეს და არა მანქანებს.
კარგ ამინდში გაემართეთ ლუქსემბურგის ბაღში – პარიზელებისთვის საყვარელ ადგილას. ასევე თქვენს განკარგულებაშია ტიულრის ბაღი.

 

კიდევ რა უნდა ნახოთ

 

კონსერჟიე (La Conciergerie)

თანხმობის მოედანი – ცნობილი შადრევანი (Place de la Concorde – Fontaines de la Concorde)

ინვალიდების სასახლე (Les Invalides)
არმიის მუზეუმში შესვლა 12 ევრო.

პომპიდუს ცენტრი (ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრი) – (Centre Pompidou)
სრული ბილეთი: 14 ევრო; პარიზის ხედი: 5 ევრო
მესამე ადგილზეა ტურისტული პოპულარობით.

ვანდომის მოედანი (Place Vendôme)

პალე როიალი (Palais Royal) სამეფო სასახლე – მე-17 საუკუნეში კარდინალმა რიშელიემ ააგო.

ქალაქის მერია (Hôtel de Ville)

სორბონის უნივერსიტეტი (Université de Paris – Sorbonne)

თავისუფლების ქანდაკება პარიზში

 

 

ქალაქის წინასწარი გაცნობის იდეალური საშუალებაა ეიფელის კოშკზე ასვლა. ლითონის ნაგებობა 1889 წელს წამოჭიმეს და მას შემდეგ ქვეყნის მთავარი სიმბოლოა. ის მოგზაურებისთვის ფასეულია იმის გამოც, რომ პარიზის მთავარი რაიონების დათვალიერების წერტილს წარმოადგენს – მზიან ამინდში მისი ზემო იარუსიდან 70 კმ რადიუსი ჩანს.

„რკინის ქალბატონისთვის“ 30 ევრო გაამზადეთ. 17 ევრო უშუალოდ ბილეთი, ხოლო 13 ევრო – შამპანურის ბოკალი ბოლო იარუსზე.

სიმაღლიდან თქვენს თვალწინ გადაიშლება სენას მარჯვენა სანაპირო ტიულრის ბაღით და ვეება ლუვრი.

თუ ეიფელის ბოლო სართულიდან გახედავთ, სიტეს კუნძული გემს წააგავს, ხოლო ნოტრ-დამის გოთიკური კოშკები გემბანს. შესაძლოა ეს იყოს კიდეც ქალაქის გერბზე დატანილი დევიზის ახსნა: გემი ირწევა, მაგრამ არ იძირება.

თუ სიტე ქალაქის წარსულია, დეფანსის კვარტალი მომავალია. ის ევროპის უმსხვილესი საქმიანი ცენტრია.
კვარტლის ღირსშესანიშნაობის უჩვეულო ფორმა, დეფანსის დიდი თაღი, ხშირად აჩენს კითხვებს. საქმე ისაა, რომ დიდი თაღი – თაღი არ არის. ეს ოთხგანზომილებიანი ჰიპერკუბის პროექციაა.

 

 

7 რამ, რაც უნდა გააკეთოთ პარიზში

დაიწყეთ დილა ყავით და კრუასანით ქალაქის რომელიმე ყავახანაში.

ფოტო გადაიღეთ ეიფელის კოშკთან და მისი სიმაღლიდან გადმოხედეთ ქალაქს.

გაიხსენეთ ლოტრეკი და ნახეთ ღამის შოუ წითელ წისქვილში.

გაატარეთ დაუვიწყარი საღამო ბრწყინვალე ოპერა გარნიეში.

გაუძელით გრძელ რიგს ლუვრში და დატკბით შედევრებით.

შეიძინეთ სუნამოები პარფიუმერულ ფაბრიკა ფრაგონარში.

გადით ქალაქიდან მდიდრულ ვერსალში და ცოცხლად ნახეთ ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი.

 

 

რა ვნახოთ პარიზის სიახლოვეს

 

ბრწყინვალე ვერსალის გარდა შეგიძლიათ ნახოთ მისი „წინამორბედი“ ვო-ლე-ვიკონტი, „მერვე საორება“ – მონ სენ მიშელის სააბატო, განსაცვიფრებელი ტაძრები რუანსა და შარტრეში, მონეს ჯადოსნური სამყარო ჟივერნიში. ასევე ნახევარი დღე შეგიძლიათ გამოყოთ ფონტენბლოს სასახლეში ექსკურსიისთვის.

 

ვო-ლე-ვიკონტი

სასახლე-პარკის შედევრი (Château de Vaux-le-Vicomte) სამი წელი შენდებოდა (1658-1661) და ის მფლობელს მეფემ ერთ დღეში წაართვა.

სასახლეში მთლიანად შენარჩუნებულია გასული საუკუნეების მოწყობილობა. მათ შორისაა ლუდოვიკო XV და ლუდოვიკო XVI საძინებლები.

პარკი ფრანგული ბაღის ნიმუშს წარმოადგენს და ანდრე ლენოტრმა შექმნა, რომელიც მოგვიანებით ვერსალის ლანდშაფტის არქიტექტორი გახდა.

მარტის ბოლოდან ოქტომბრის შუამდე ყოველ მეორე და ბოლო შაბათს იმართება საოცარი წყლის წარმოდგენა, შადრევნების შოუ, რომლის მთავარი მონაწილეები ვო-ლე-ვიკონტის მოქმედი შადრევნებია.

ვო-ლე-ვიკონტამდე ჩასვლის ორი ვარიანტია. უფრო მოსახერხებელია – კომპანია Transilien მატარებელი, რომელიც ლიონის სადგურიდან გადის. გზას 25 წუთი სჭირდება. უნდა ჩამოხვიდეთ მელენის (Melun) გაჩერებაზე. მეორე საშუალებაა RER D (სადგური Châtelet-Les Halles), რომელიც იმავე მელენის სადგურამდე უფრო დიდ დროს ანდომებს. აქედან კი სასახლემდე 6 კმ-ია და იქ სპეციალური ავტობუსით მიხვალთ.

 

 

მონ სენ მიშელი

მონ სენ მიშელი (Mont Saint Michel) არა მარტო საფრანგეთის, მთელი მსოფლიოს ღირსშესანიშნაობაა. ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

მონ სენ მიშელში შესვლა უფასოა, ნებისმიერს შეუძლია შევიდეს სამეფო კარიდან. სააბატოში შესვლა კი ზრდასრულ ტურისტს 10 ევრო დაუჯდება, ბავშვებს უფასოდ უშვებენ.

სხვათა შორის, სწორედ ეს მონასტერი გახდა ფილმ „ბეჭდების მბრძანებლის“ პირველსახე.

როგორ მოვხვდეთ:

ყველაზე მარტივი და ეკონომიურია გაყვეთ პირდაპირ ავტობუსს პარიზიდან. კომპანია Flixbus ავტობუსები დეფანსის კვარტლიდან შაბათ-კვირას დილით ადრე გადიან და საღამოს ბრუნდებიან. გზა დაახლოებით 5 საათს იკავებს და ორი გზა 50 ევრომდე ჯდება.

სამუშაო დღეებში უფრო რთულია. ჯერ უნდა დაჯდეთ სწრაფ მატარებელზე TGV მონპარნასის სადგურზე, ჩახვიდეთ ქალაქ რენში და იქიდან გაყვეთ ქსელ Keolys ავტობუსს. ასეთ შემთხვევაში 50 ევრო ერთი გზა დაგიჯდებათ.

 

 

შარტრი

შარტრი- ეს ტაძარია, ტაძარი – ეს შარტრია: ასე ამბობენ ფრანგები.

ქალაქის გული, სიმბოლო და მთავარი გმირი სწორედ ორთავიანი ლამაზმანი ღვთისმშობლის ტაძარია. შარტრი (Chartres) ცეცხლის ქალაქიცაა, მოსაღამოებასთან ერთად ქალაქის 27 შენობა მრავალფეროვანი განათებით შუქური სპექტაკლის სცენა ხდება.

პარიზამდე დაახლოებით 90 კმ მანძილია.

ტაძარი უცვლელი სახითაა შემორჩენილი, რომელიც არც საფრანგეთის რევოლუციის და არც მეორე მსოფლიო ომის დროს არ დაზარალებულა. ინტერიერი კი ექსტერიერზე ნაკლები როდია. 1939 წელს გერმანელების საფრანგეთში შეჭრამდე ტაძრის ყველა ვიტრაჟი მოხსნეს და ომის დამთავრებს შემდეგ დააყენეს.

როგორ მოვხვდეთ:

მატარებელი TER პარიზის მონპარნასის სადგურიდან ყოველ საათში გადის. გზას 1 საათი და 9 წუთი უნდა. ბილეთის ფასი კლასის მიხედვით მერყეობს და 15 ევროდან 35 ევრომდეა.

Chartres Pass – ერთიანი ბილეთია, რომლითაც ქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობას მოივლით: აუდიოგიდი ტაძარში, ვიტრაჟების საერთაშორისო ცენტრი, ნატიფი ხელოვნების მუზეუმი, პიკასეტების სახლი, ტურისტული მარშრუტის აუდიოგიდი, ქალაქის ტური ტურისტული ტრამვაით. ფასი დაახლოებით 20 ევროა.

ჟივერნი

პატარა სოფელი ჟივერნი რუქაზე ათასობით წლის წინ გაჩნდა, მაგრამ უფრო ცნობილია იმით, რომ აქ 43 წელი ცხოვრობდა მსოფლიოში სახელგანთქმული იმპრესიონისტი კლოდ მონე და სადაც დიდი რაოდენობით ტილოები შექმნა. ამ თვალწარმტაც ადგილს პარიზიდან 80 კმ აშორებს.
ჟივერნის პატარა ქუჩებში თავის დროზე სეირნობდნენ მატისი, სეზანი, რენუარი, პისარო.

როგორ მოვხვდეთ:

პარიზის სენ-ლაზარის სადგურიდან მატარებელი ვერნონამდე მიდის, საიდანაც მონეს ბაღამდე დარჩენილ 6 კმ-ს ავტობუსით გაივლით. შეგიძლიათ ველოსიპედი იქირაოთ 12 ევროდ და ის მიისეირნოთ. ამ არც თუ დიდი მანძილის დაფარვა ფეხითაც შეიძლება.

მონეს კარ-მიდამოში შესვლა დაახლოებით 10 ევრო ღირს და ის აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით ყოველდღე მუშაობს.

 

 

ფონტენბლო

ფონტენბლო (Fontainebleau) – ქალაქი პარიზიდან 60 კმ-ში, ცნობილია დიდებული რენესანსის სასახლით, რომელიც საფრანგეთის არაერთი მეფის რეზიდენცია იყო.

თავად ქალაქის სახელიც კეკლუცაა: fontaine bleau ნიშნავს „ლამაზი შადრევანი“.

სასახლე გარშემორტყმულია შესანიშნავი პარკით, ის კი თავის მხრივ ფართო ტყით. გარდა ამისა, ფონტენბლო ქვეყნის ერთ-ერთი საცხენოსნო დედაქალაქია: აქ მდებარეობს იპოდრომი და ცხენოსნობის ყველა სახეობაში უდიდესი საერთაშორისო შეჯიბრებები ტარდება.

პარიზში ლიონის სადგურიდან (Gare de Lyon) უნდა წახვიდეთ მატარებლით. დაახლოებით 44 წუთში ჩამოხვალთ სადგურFontainebleau Avon-ზე. მატარებლები ორივე მიმართულებით გვიანობამდე დადიან და ფასი 5-8 ევროა.

ფონტენბლოს სასახლის კომპლექსში შედის თავად სასახლე, ეზოები და ბაღები და პარკი.
სასახლეში დამთვალიერებლებისთვის ღიაა უამრავი ოთახი, თუმცა მათი ყველას შემოვლა წარმოუდგენელია.

სასახლის სამუშაო დრო: ოქტომბერი-მარტი – 9:30-17:00; აპრილი-სექტემბერი – 9:30-18:00. დასვენების დღეებია სამშაბათი, 1იანვარი, 1 მაისი და 25 დეკემბერი.

შესვლა 11 ევროა, სასახლის დაკეტვამდე ერთი საათით ადრე 5.5 ევრო. 18 წლამდე მოზარდებს უფასოდ უშვებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g