პარკინსონის დაავადება პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას. დაავადება ნელა მიმდინარეობს. დაავადების ადრეულ ეტაპზევე სახის მიმიკა იცვლება, ნელდება მეტყველება, კიდურების მოძრაობა და ა.შ. დაავადება განუკურნებელია, თუმცა მკურნალობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სიმპტომებზე. დაავადების დასაწყისი უმნიშვნელო ცვლილებებითაა გამოვლენილი და ვლინდება სხეულის რომელიმე ნახევარში უპირატესად. ხშირად იწყება მტევნის ან თითების კანკალით. მოძრაობის შენელება დაავადების პროგრესირებასთან ერთად მეტად გამოხატული ხდება და ართულებს ამა თუ იმ მოქმედების შესრულებას. პაციენტს უძნელდება სკამიდან წამოდგომა, მოძრაობის დაწყება, კუნთების გაშეშება მტკივნეულს და მოუხერხებელს ხდის და ზღუდავს მოქმედებების შესრულებას. კუნთთა შორის ბალანსის დარღვევის გამო პაციენტი ხშირად ეცემა, ან დადის არამყარად. მეტყველება ხდება არამკაფიო, გაუგებარი, ხმადაბალი. ხშირად უძნელდებათ ლაპარაკის დაწყება. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას აუცილებელია მიმართოთ ექიმს, არამარტო დაავადების დიაგნოსტირების, არამედ სხვა დაავადებების დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით.
დაავადების განვითარებას რამდენიმე ფაქტორის თანხვედრა უწყობს ხელს: გენეტიკა, გარემო ფაქტორები. ახალგაზრდებში პარკინსონის დაავადება იშვიათია. მისი განვითარების რისკი იზრდება შუა ასაკიდან. აზროვნების და სხვა კოგნიტური ფუნქციების გაუარესება დაავადების მოგვიანებით სტადიას ახასიათებს. მედიკამენტური ჩარევა არ აუმჯობესებს მდგომარეობას.
ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა, კოფეინი, შესაძლოა ამცირებდეს პარკინსონის დაავადების განვითარების რისკს, თუმცა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემები ამის შესახებ არ არსებობს. დაავადების დიაგნოზი ისმება ნევროლოგის მიერ. ლაბორატორიული კვლევების ჩატარება საჭიროა თანმხლები დაავადებების გამოსავლენად ან გამოსარიცხად, რომლებიც შესაძლოა იწვევდეს ამა თუ იმ სიმპტომებს. პარკინსონის დაავადება არ იკურნება, თუმცა დღეისათვის არსებული მკურნალობა სიმპტომების კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. ფიზიკური თერაპია, მეტყველების თერაპია და ფიზიკური აქტივობა, ასევე სიმპტომების კონტროლის შესაძლებლობას იძლევა.