LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი მიიღებს თავდაცვის კოდექსს, რომელიც მოაწესრიგებს სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს: თალაკვაძე

86
FORTUNA.GE- (2)

“საქართველოს პარლამენტი მიიღებს თავდაცვის კოდექსს, რომელიც მოაწესრიგებს სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, საკონსტიტუციო ორგანოში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განმარტებით, იგეგმება ტოტალური თავდაცვის მექანიზმებების გაძლიერება, მიღებული კოდექსი კი გააუმჯობესებს თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობას და მოახდენს თავდაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების კოდიფიცირებას.

მისივე განცხადებით, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, პარლამენტი ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე მუშაობას გეგმავს. მასში პრიორიტეტულ ადგილს დაიკავებს ჰიბრიდული საფრთხეების, მათ შორის, კიბერსაფრთხეების, ანტიდასავლური პროპაგანდისა და ინფორმაციული ოპერაციების საპასუხოდ ეროვნული შესაძლებლობებისა და საზოგადოების მედეგობის გაძლიერება.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ნდობის ჯგუფის, საკომიტეტო მოსმენების და ასევე საპარლამენტო კონტროლის სხვა მექანიზმების გამოყენებით, თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორზე პარლამენტი აქტიურ ზედამხედველობას განახორციელებს:

“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საპარლამენტო დიპლომატიას და პარლამენტის ჩართულობას საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. ამ მხრივ, ჩვენ გვყავს გამორჩეული გუნდი და საერთაშორისო დონეზე საპარლამენტო კავშირების გაძლიერება იქნება საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა.

2020 წლის 29 დეკემბერს, ჩვენ მივიღეთ რეზოლუცია, რომლითაც ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მომდევნო ოთხი წლისთვის განსაზღვრა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ამით, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ განვაცხადეთ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, პრაგმატული და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის, ქართული დიასპორისა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ინტერესების დაცვის პრიორიტეტულობის შესახებ.

უფრო მეტიც, ჩვენი მიზანია, რომ 2024 წლისთვის საქართველომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. 2024 წლამდე ჩვენი ქვეყნის სათანადოდ მომზადებისთვის საქართველოს პარლამენტი აქტიურად იმუშავებს მთავრობასთან, საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა.” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები