“დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 9 კი წინააღმდეგი იყო. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება, ერთ-ერთია იმ 12 შესასრულებელ პირობათაგან, რომელიც საქართველომ მიიღო 23 ივნისს, ევროკომისიისგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ.
კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის ცხრა ოპოზიციონერმა წევრმა მისცა. კენჭისყრაზე პირველი მოსმენით წარდგენილი პროექტის წინააღმდეგ ხმა მისცეს: ხატია დეკანოიძემ, სანდრო რაქვიაშვილმა, ჰერმან საბომ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ, არმაზ ახვლედიანმა. კენჭისყრისას წინააღმდეგ მისცეს ხმა ასევე ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა და ფრიდონ ინჯიამ.
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი ამავე შინაარსის უკრაინული კანონის თარგმანია. ერთი განსხვავებით – თუ უკრაინაში პირის ოლიგარქობის საკითხს აღმასრულებელი ხელისუფლება წყვეტს, საქართველოში ეს ორგანო პარლამენტი იქნება.
კანონი “დეოლიგარქიზაციის შესახებ” განსაზღვრავს, ვინ მიიჩნევა ოლიგარქად და მასში ამის განმსაზღვრელი 4 კრიტერიუმია ჩამოთვლილი.
- პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა;
- მედიაზე მნიშვნელოვანი გავლენის ქონა;
- დომინანტური მდგომარეობა, მაგალითად, ბაზარზე დომინანტის როლი;
- მდგომარეობა, როცა პირის სარგებლობაშია საარსებო მინიმუმთან შედარებით მილიონჯერ მეტი ოდენობის თანხა.
თუმცა პირი ოლიგარქად მაშინაც შეიძლება ჩაითვალოს, თუ ის, ამ ოთხი პირობიდან, სამს აკმაყოფილებს.