ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება პარლამენტმა, 84-ხმით დაამტკიცა.
დადგენილებაზე თანდართულ განმარტებით ბარათშია აღნიშნულია, რომ კომისია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეისწავლის.
კერძოდ:
- მათ გადასაჭრელად წინადადებებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების სრულმასშტაბიანი მოწესრიგების საკითხებზე კანონპროექტებისა და დადგენილებების შემუშავებაში;
- კონტროლს გაუწევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებზე მიღებული კანონების, დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობას, შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის პლენარულ სხდომას;
- კონტროლს გაუწევს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვის თაობაზე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების, დადგენილებების და სხვა აქტების შესრულებას;
- კონფლიქტის მოწესრიგების პოლიტიკურ-სამართლებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით თავის სხდომებზე მოუსმენს მინისტრების, დეპარტამენტებისა და უწყებების, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების ხელმძღვანელთა ინფორმაციებს და ანგარიშებს.
აღნიშნული დადგენილების მიღების შემდეგ, კომისიის პერსონალური შემადგენლობა აირჩევა. რეგლამენტის გათვალისწინებით კი, კომისიას ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი უხელმძღვანელებს.