„მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს“, – ამის შესახებ პარტია Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი დეპუტატის, ვალენტინო ვალენტინის განცხადებაშია ნათქვამი.
Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატის, და ამავე ჯგუფის წევრის, მატეო და ლოსოს ორგანიზებით იტალიის პარლამენტის მედიაცენტრში, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ პრესკონფერენციას გამოეხმაურა, რომლის სახელწოდება იყო „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“.
„შევიტყვეთ დეპუტატ და ლოსოს მიერ დღეს გამართული პრესკონფერენციის შესახებ, რომლის თემა იყო „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ვაცხადებთ, რომ საქმე ეხებოდა დეპუტატ და ლოსოს გამოკვეთილად პირად ინიციატივას, რაც არ ასახავს არც იტალიის სახელმწიფოს და არც პარტიის Forza Italia პოზიციას.
ჩვენი ქვეყნის მიერ მუდმივად გატარებულ პოლიტიკასთან თანხვედრაში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს, არც მათ წარმომადგენლებს, რომლებთანაც კონტაქტს არ მივიჩნევთ მართებულად“, – ნათქვამია პარტია Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაში, რომლის თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადება ასევე გაავრცელა დეპუტატთა პალატის პრესცენტრმა.