LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია “საქართველოსთვის” ცნობით, მათი მხარდამჭერი პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გაუშვეს – გათავისუფლების მიზეზად დაღვევებს ასახელებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო  

115
1

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სააგენტოს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი თანამდებობიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.

სააგენტოში ნოდარ ავდალიანის ამ განცხადებას უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ავდალიანს აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის დროს, რამდენჯერმე აქვს მიღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, საყვედური და სასტიკი საყვედური ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო:

“გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ყოფილი უფროსის, ნოდარ ავდალიანის სრულიად უსაფუძვლო ბრალდებას, რომლითაც ის სააგენტოს ხელმძღვანელს პოლიტიკური ნიშნით დევნაში სდებს ბრალს.

ნოდარ ავდალიანი 2018 წლიდან დასაქმებული იყო ზემოხსენებულ თანამდებობაზე და ამ პერიოდში, მას რამდენჯერმე აქვს მიღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, საყვედური და სასტიკი საყვედური ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო. ყველა შემთხვევაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მიღების საფუძველი იყო მერიის შიდა აუდიტის საქალაქო სამსახურის დასკვნა.

შესაბამისად, დამსაქმებელმა მიიღო გადაწყვეტილება და დასაქმებულთან აღარ გააგრძელა შრომითი ურთიერთობა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, 2021 წლის 28 დეკემბრიდან.

პოლიტიკური ნიშნით დევნის ბრალდება სრულიად უსაფუძვლო და მიუღებელია, რადგან ნოდარ ავდალიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომაც აგრძელებდა მუშაობას სააგენტოში იმავე პოზიციაზე, ჩვეულ რეჟიმში იყო ჩართული სააგენტოს მუშაობაში და მის მიმართ ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის შევიწროებას პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერებას სასამართლო შეაფასებს”, – აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნოდარ ავდალიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით დღეს პარტიაში “საქართველოსთვის” ბრიფინგი გაიმართა.

როგორც “საქართველოსთვის” და თბილისის საკრებულოს წევრმა დავით ფარცვანიამ განაცხადა “ქართული ოცნება” გიორგი გახარიას და პარტიის მხარდამჭერების დევნას აგრძელებს და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი უკანონოდ, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გაუშვა:

“ქართული ოცნება გახარიას და პარტია “საქართველოსთვის” მხარდამჭერების, ჩვენი წევრების დევნას აგრძელებს. რაც კიდევ უფრო მძიმეა, ხელისუფლებას პირდაპირი იერიში მიაქვს საჯარო მოხელეებზე – გამონაკლისი რა თქმა უნდა არც თბილისის მერია და მისი სსიპ-ებია.

დატოვეს სამსახურის გარეშე ადამიანი ერთადერთი მიზეზის – მისი პოლიტიკური შეხედულებების და კონკრეტულად პარტია “საქართველოსთვის” მის მიერ ღიად გამოხატული და დაფიქსირებული მხარდაჭერის გამო.

ნოდარ ავდალიანი 2018 წლიდან ა.ა.ი.პ “თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტოში” ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას ე.წ. უვადო კონტრაქტის პირობებით იკავებდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, მოულოდნელად, უკანონოდ და პოლიტიკური მოტივით, ის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით სამსახურიდან გაუშვეს.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ საჯარო მოხელეს პირდაპირ უთხრეს, რომ მისი უსამსახუროდ დატოვების გადაწყვეტილებას ერთადერთი მოტივი ჰქონდა და ეს პარტიის “საქართველოსთვის” ღია მხარდაჭერას უკავშირდებოდა”, – განაცხადა ფარცვანიამ.

მისივე თქმით, თბილისის მერიის და სააგენტოს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა უკვე დაიწყეს.

“ფაქტია, რომ “ქართული ოცნება” უკვე ერთი ერთში მოქმედებს “ნაციონალური მოძრაობის” მეთოდებით და ხელისუფლების პოლიტიკურ ეჭვიანობას კი, უკვე კეთილსინდისიერი ადამიანები და მაღალკვალიფიციური საჯარო მოხელეებიც ეწირებიან.

თუმცა ერთი იცოდნენ, ჩვენ ამით ვერ გაგვაჩერებენ და ცვლილებების პროცესი, რომელიც 4 თვის პარტიამ მოვიტანეთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ დონეზეც აუცილებლად საბოლოო ცვლილებამდე მივა.

ჩვენ სამართლებრივი დავა თბილისის მერიის და სააგენტოს წინააღმდეგ დაწყებული გვაქვს”, – განაცხადა დავით ფარცვანიამ.

magti 5g