LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები საპარლამენტო ფრაქციის ან პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობის მიცემას ითხოვენ

51
ანა ბუჩუკური

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები საპარლამენტო ფრაქციის ან პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობის მიცემას ითხოვენ, რის უფლებასაც მათ პარლამენტის მოქმედი რეგლამენტი არ აძლევს. აღნიშნული მოთხოვნა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა დააყენა. როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, გაუგებარია, თუკი სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს ერთი ფრაქციაში ან პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანების უფლება აქვთ, იგივე უფლება მათ რატომ არ ეძლევათ.

„კონსტიტუციის შესაბამისად, იმისთვის, რომ ფრაქცია შეიქმნას, მოთხოვნა არის, რომ უნდა იყოს არანაკლებ 7 წევრი პარლამენტარებისა. ასევე კონსტიტუციაში არის ძალიან გაურკვეველი ჩანაწერი, რომელიც ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, სადაც წერია, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ დეპუტატს უფლება აქვს, რომ შექმნას ერთი ფრაქცია. თავის დროზე, როდესაც ჩვენ კონსულტაციები გავიარეთ „ოცნებასთან“, თვეების წინ, მაშინ კატეგორიულად მივიღეთ პასუხი, რომ რომც დაიმატოთ მეშვიდე ადამიანი, ვინაიდან თქვენ გასულები ხართ „ოცნებიდან“, ფრაქციას ვერ შექმნით, იმიტომ, რომ კონსტიტუცია გიკრძალავთ.

გუშინ ბიუროზე წარადგინეს მოთხოვნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი უერთდება „ლელოს“ და მოთხოვნილი აქვთ ფრაქციის შექმნა. შესაბამისად, ლოგიკურად დავსვი ბიუროზე კითხვა, თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრსა და „ლელოს“ უფლება აქვთ, ერთად შექმნან ფრაქცია, იგივე უფლება, ანალოგიურ მდგომარეობაში მოგვეცემა თუ არა ჩვენ, რაზეც პასუხი იყო აბსოლუტურად გაურკვეველი და ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, დაიბნენ „ქართული ოცნების“ წევრები. შესაბამისად, დაველოდებით საპროცესო კომიტეტის განხილვას და აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას,“ – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მისი თქმით, კონსტიტუციის მიღმა შევიდა ცვლილება, რომლითაც დეპუტატებს უფლება აქვთ, რომ შექმნან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ფრაქციის მსგავსად იგივე პრივილეგიებით ისარგებლებენ. როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, მათ ამის საშუალებას არ აძლევენ, რადგან „ოცნებიდან“ წამოსულ დეპუტატებზე გაბრაზებულები არიან.

„ამ მოწვევის პარლამენტში ბევრი საგამონაკლისო ნორმებია დაშვებული და კონსტიტუციის მიღმა საქართველოს რეგლამენტში შევიდა ცვლილება, რომლითაც დეპუტატებს უფლება აქვთ, რომ შექმნან პოლიტიკური ჯგუფები. პოლიტიკური ჯგუფები არიან აღჭურვილი იგივე პრივილეგიებით, რა პრივილეგიებითაც აღჭურვილია ფრაქცია. წარმოიდგინეთ რეალობა რა არის – 4-კაციან ჯგუფს აქვს ფაქტობრივად ანალოგიური პრივილეგიები, რაც აქვს ფრაქციას, მაგრამ 6-კაციან ჯგუფს არა. ძალიან მარტივია რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ „ოცნებიდან“ წამოვედით და ჩვენზე განსაკუთრებულად გაბრაზებულები და ნაწყენები არიან,“ – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g