„დღეს, 25 აგვისტოს, კალაძის მორჩილი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში, სამწუხაროდ, აპირებს, მხარი დაუჭიროს ურბანული კატასტროფის გამომწვევ სამშენებლო-დეველოპერულ პროექტებს, რაც კიდევ უფრო გაურთულებს ცხოვრებას თბილისელებს, რამდენიმე პრივილეგირებულ ოჯახს კი კიდევ უფრო გაამდიდრებს“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” წევრმა გიორგი შარაშიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შარაშიძის თქმით, პარტია მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და და დაადგინოს, არის თუ არა პოლიტიკური კორუფცია „ქართული ოცნების” დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან.
„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კარგად არის ცნობილი ყველა ის ნეგატიური შედეგი, რაც ურბანული თვალსაზრისით ამ პროექტების განხორციელებამ შეიძლება გამოიწვიოს, „ოცნება“ მზად არის კალაძის მაფიოზურ ჯგუფს თბილისელების ინტერესების საწინააღმდეგოდ დაუკანონოს უკანონო საქმიანობა.
მიგვაჩნია, რომ ერთდროულად ხუთი მასშტაბური სამშენებლო პროექტის დაჩქარებული წესით საკრებულოს დამტკიცება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, არ მომხდარა სათანადო საჯარო განხილვები და დაინტერესებულ მხარეებს – ურბანისტებს, არქიტექტორებს, ხელოვნებათმცოდნეებს, სეისმოლოგებს, გეოლოგებს, ტრანსპორტის სპეციალისტებს, არ მისცემიათ პროცესში ჩართვის სათანადო საშუალება, წარმოადგენს პოლიტიკური კორუფციის და „ოცნების“ მიერ დაწყებული არჩევნების გაყალბების კომპლექსური გეგმის შემადგენელ ნაწილს.
მაშინ, როცა „ოცნებამ“ საკანონმდებლო დონეზე პარტიას დაუქვემდებარა ცესკო, მაშინ, როცა ქვეყანაში აღარ დარჩა არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება „ოცნება“ გადადის არჩევნების გაყალბებისთვის მზადების აქტიურ ფაზაში და ამჯერად უკვე „შავი ფულის“ დაჩქარებული მობილიზებით ცდილობს შეავსოს პარტიის ფორმალური საარჩევნო ყულაბა.
მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, არის, თუ არა პოლიტიკური კორუფცია „ოცნების“ დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების, „ოცნების“ მოქმედი პრემიერ-მინისტრის უახლოესი ნათესავის და „ოცნების“ შემომწირველთა კომპანიებისთვის თბილისის იერსახისათვის სრულიად შეუსაბამო და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი სამშენებლო პროექტებისთვის დაჩქარებული წესით ნებართვების გაცემა.
ასევე მივმართავთ თბილისის მერს, ბატონ კახა კალაძეს, საზოგადოებას აუხსნა, რატომ იცრუა და მოატყუა ხალხი, როცა განაცხადა, რომ „ლაგუნა ვერე“ საჩუქრად გადაეცემოდა თბილისს.
ასევე მივმართავთ თბილისის საკრებულოს, დაუბრუნდეს ჩვენი ინიციატივის განხილვას პოლიტიკური კორუფციის პრევენციის მიზნით თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რადგან ვერ ვხედავთ სხვა უფრო ეფექტიან მექანიზმს, რაც თბილისის მრავალმილიონიან ბიუჯეტს და სამშენებლო ბიზნესის არაფორმალურ ლობიზმს კორუფციული რისკებისგან დააზღვევს.
შევახსენებთ დღევანდელ „ოცნებას“, რომ საკუთარი მოქალაქეების ნების საწინააღმდეგო საქციელი არავის შერჩენია და ჩვენ, გახარიას გუნდი მათ ვპირდებით, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან“, – თქვა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისათვის, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს განიხილავენ. მათ შორის არის: ლაგუნა ვერეს მიმდებარედ 52-სართულიანი კომპლექსების აშენება, ალექსიძის ქუჩაზე King David-ის გვერდით 40-სართულიანი ცათამბჯენის პროექტი, ჭავჭავაძის გამზირზე მულტიფუნქციური სასტუმრო-ცათამბჯენი და ასევე, დიდ დიღომში ახალი უბნის მშენებლობის საკითხი.
დღესვე, თბილისში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი რევაზ სოხაძე.
მისი თქმით, არც მერია და არც საკრებულო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებთან შესაბამისობაში არ იქნება:
„ჩვენ მოვუსმინეთ საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, ექსპერტებს, რომლებიც სხდომაზე ოპოზიციას ჰყავდა მოწვეული. ჩვენი აზრით, უბრალოდ, მათ მიერ გამოთქმული ზოგიერთი შენიშვნა, რაც მათ აღელვებთ, პროექტებში გათვალისწინებული იქნება.
ამასთან დაკავშირებით უკვე შემდგომ სანებართვო ეტაპებზე შესაბამისი კვლევები დაიდება. მინდა მოსახლეობა დავარწმუნო, რომ არც მერია და არც საკრებულო არ მიიღებს არცერთ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისი არ იქნება საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებთან, განსაკუთრებით, ეს ეხება უსაფრთხოებას და ამასთან დაკავშირებით, ყველა წუხილი საზოგადოების იმ წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც გუშინ სხდომაზე იმყოფებოდნენ, გაქარწყლებული იქნება.
ყველას შეუძლია, რომ ამ მიმართულებით მშვიდად იყოს, თუმცა ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ რომელიმე სამშენებლო ნებართვასთან დაკავშირებით საზოგადოებაში შეიძლება ერთსულოვანი მოსაზრება იყოს“, – თქვა რევაზ სოხაძემ.