„იმ პაკეტის მიხედვით, რომელიც პირველი მოსმენით მივიღეთ, ოპოზიციას რჩებოდა რამდენიმე თვე, რომ ჩამოეყალიბებინა საკუთარი პოზიცია საბოტაჟთან დაკავშირებით. ასეც და ისეც, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ – აირჩევენ საბოტაჟის გზას თუ იმ გზას, რომლისკენაც მათ საქართველოს კონსტიტუცია მიუთითებს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დაფინანსების წესთან დაკავშირებით დღეს მიღებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია, წაახალისოს პოლიტიკური პარტიები და დეპუტატები, რათა უარი თქვან საპარლამენტო საბოტაჟზე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის, ქვეყნის შიგნით დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განიხილოს კანონპროექტი, თუმცა, მანამდე, ისინი დაელოდებიან ვენეციის და/ან ოდირის (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი) სამართლებრივ შეფასებას.
“პირველი მოსმენის ფარგლებში შერბილებულია ეს პაკეტი, თუმცა, ჩვენ დაველოდებით ვენეციის და/ან ოდირის სამართლებრივ შეფასებას. მიზანი რჩება იგივე – საბოტაჟის პრევენცია. ამას არ აქვს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი, ეს არის გათვლილი გრძელვადიან მოქმედებაზე, შეიძლება დადგეს იგივე საკითხი დღის წესრიგში და ამ შემთხვევაშიც, კანონმდებლობას უნდა ჰქონდეს თავისი მკაფიო პასუხი.” – თქვა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი დღეს, პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა.
პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს აითვისებს.
ვინ რამდენ მილიონს კარგავს პარლამენტში არშესვლით