საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცესკოს, საკონსულოებსა და საგარეო უწყებებს სერიოზულად აფრთხილებს, უზრუნველყონ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის დამატებითი ფართი, რაც ხმის მისაცემად არის საჭირო.
პრეზიდენტმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებების ხელშეშლის მიუხედავად, დიდი რაოდენობით ემიგრანტმა მოახერხა აღრიცხვაზე დადგომა.
„მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ჩვენს დიასპორას, რომელიც ძალიან გააქტიურდა ამ ბოლო დღეებში რეგისტრაციისთვის. იყო მცდელობები ყველა უწყების მხრიდან, ცესკოსი, საგარეოსი, საკონსულოების, ყველა ჩართული იყო იმაში, რომ ყველანაირი შეფერხებები ყოფილიყო. მაინც შეძლო დიასპორამ, რომ დიდი რაოდენობით ჩაწერილიყვნენ აღრიცხვაზე. ახლა არის საკონსულოების, საგარეოსი და ცესკოს პასუხისმგებლობა, რომ ისე მოაწყონ ეს უბნები, რომ არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ მათი. თუ სადმე არ გაიხსნა ის დამატებითი უბანი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანებმა, ვინც არიან დარეგისტრირებული, ხმის მიცემა შეძლონ იმ პერიოდში და იმ დროში, რაც არის განკუთვნილი არჩევნებისთვის. ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.