ქორწილების ფოტოგრაფმა ბრენდონ სამუელსმა ქსელში ძალიან ემოციური კადრები გაავრცელ და თან საინტერესო ისტორიაც დაურთო. ავსტრალიელი ფოტოგრაფის ერთ–ერთმა კლიენტმა საქმროს საოცარი სიურპრიზი გაუკეთა.
ქორწილი 26 სექტემბერს შედგა. „კრისტენისა და პიტერის საქორწინო ცერემონიიდან სახლში დაბრუნებული ემოციებისგან დაცლილი ვიყავი. სიჩუმეში ყოფნა მჭირდებოდა, რათა კარგად გამეაზრებინა ის ყველაფერი რაც იმ დღეს მოხდა“, – იხსენებს ფოტოგრაფი.
კრისტენმა პიტერის გახარება გადაწყვიტა და ჯვრისწერის შემდეგ ის პირდაპირ მოხუცებულთა თავშესაფარში, ბებია–ბაბუის სანახავად წაიყვანა. პატარძალმა საქმროს თვალები აუხვია და მიიყვანა მინის კართან, რომლის მიღმაც მისი საყვარელი ადამიანები იმყოფებოდნენ.
„როდესაც პიტერმა ბებია და ბაბუა დაინახა, ბედნიერებისგან ღიმილს ვეღარ იკავებდა, ემოციებისგან მას ცრემლებიც წამოუვიდა“
პიტერის ბაბუა დღესასწაულის შესაბამისად კოსტუმში იყო გამოწყობილი, ბებიამ კი ახალდაქორწინებულებისთვის ფულით სავსე კონვერტი მოამზადა. საქმე ისაა, რომ აზიურ კულტურაში მნიშვნელოვან დღესასწაულებზე ფულის ჩუქება აუცილებელი რიტუალია.
სამწუხაროდ, Covid-19–ის პანდემიის გამო წყვილმა მოხუცებულთა სახლში შესვლა ვერ შეძლო და ოჯახი ერთმანეთს დისტანციურად მოესიყვარულა.
„ვიდრე ოჯახის წევრები ერთმანეთს უსაყვარლეს ჟესტებს უძღვნიდნენ, კარგად გავიაზრე , თუ რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ადამიანურ ურთიერთობებზე“ – აღნიშნა ფოტოგრაფმა.
სამუელსი ყველას ურჩევს, რომ ბებიები და ბაბუები ხშირად მოიკითხონ.
„გაუგზავნეთ მათ ვიდეო–მოკითხვა, მიწერეთ წერილი. გახსოვდეთ, რომ ამ ადამიანებს ძალიან უყვარხართ და თქვენზე ზრუნვაში ღამეებიც უთენებიათ. ისინი ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ უპირობო სიყვარული არსებობს”