LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატიმართა შორის ძალადობა, არაფორმალური კრიმინალური მმართველობა, ე.წ. ობშიაკები“ – რა წერია CPT-ის ანგარიშში და რას პასუხობენ მმართველ გუნდში 

183
თორნიკე ჭეიშვილი ციხეებზე

წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა [CPT] საქართველოში საგანგებო ვიზიტის ფარგლებში გაკეთებული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარი საპატიმრო დაწესებულებებში ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებსა და იმ პრობლემებზე ეხება, რაც ამ სისტემის არსებობას თან ახლავს. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საგანგებო ვიზიტის საჭიროება კონკრეტული გარემოებებით არის განპირობებული, მათ შორის, სახალხო დამცველის 2020 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელშიც პენიტენციურ სისტემაში არაფორმალურ მმართველობასა და პატიმართა შორის ხშირი ძალადობის ფაქტებზეა საუბარი.

CPT-ის ანგარიში 2021 წლის 17-24 მაისს N2, N14, N15 და N17 დაწესებულებებსა და პენიტენციური სისტემის კონტრაქტორ კლინიკაში განხორციელებულ ვიზიტებს ეყრდნობა.

ანგარიშში საუბარია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე, მათ შორის, პატიმართა შორის ძალადობის ფაქტებზე, ციხეებში თანამშრომლების სიმცირეზე, არაფორმალური კრიმინალური მმართველობის აშკარა ნიშნებზე, რაც საკნების კედლებსა და კარებზე სიმბოლოების განთავსებითაც გამოიხატება, პატიმრებს შორის უთანასწორო საცხოვრებელ პირობებზე, ფულის გამოძალვასა და შეგროვებაზე [ე.წ. ობშიაკისთვის], რესოციალიზაციის აქტივობების მიუწვდომლობაზე, პატიმრების მხრიდან საუბრისგან თავშეკავებასა და სხვა სახის პრობლემებზე.

თუმცა, ამასთანავე, CPT აღნიშნავს, რომ მათ დელეგაციას პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ცუდი მოპყრობის შესახებ ბრალდებები არ სმენია და პირიქით, მათ შორის ურთიერთობას მეტწილად დადებითად ახასიათებს.

სხვა საკითხებთან ერთად, ანგარიშში საუბარია პატიმრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებებზეც, რა დროსაც პატიმრები მძიმე დაზიანებებს იღებენ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მათი ვიზიტის შემდეგ, 2021 წლის ივლისში, ერთ-ერთი მასობრივი ჩხუბის დროს ერთ-ერთი პატიმარი გარდაიცვალა.

CPT-ის თანახმად, მინისტრმა დელეგაციის წევრებს უთხრა, რომ სამოქმედო გეგმა 2025 წლისთვის უნდა ყოფილიყო შესრულებული, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით გადაიდო.

აღნიშნული კვლევის განხილვა გაიმართა დღეს, 11 ივლისს, რომელშიც მონაწილეობდნენ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილიც. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტს ექნება აღნიშნული ანგარიშის შინაარსობრივი და საგნობრივი განხილვა.

ლომჯარია: “წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ საუბრობს ქართულ ციხეებში ე.წ. მაყურებლების პრობლემაზე, ე.წ. ობშიაკის აგროვების პრაქტიკასა და ძალიან საეჭვო ფიზიკურ დაზიანებებზე

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, თორნიკე ჭეიშვილი ციხეებში იერარქიების არსებობას უარყოფს. მისი განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში არსებობს მექანიზმები იმისთვის, რომ ციხეებში კრიმინალური ავტორიტეტების სუბკულტურა არ იყოს:

„როცა ლაპარაკია ამ რაღაც ე.წ. სუბკულტურაზე, გეტყვით, რომ არსებობს ძალიან ეფექტიანი მექანიზმები პენიტენციურ სისტემაში იმისთვის, რომ ნებისმიერი მიდრეკილება, ნებისმიერი მცდელობა პატიმართა შორის გარკვეული იერარქიის არსებობისა იყოს დაზღვეული და გამორიცხული. ეს პირველ რიგში არის პატიმრის გადაყვანის მექანიზმი, პატიმართა რისკის ინდივიდუალური შეფასება და ა.შ.“ – განაცხადა ჭეიშვილმა.

mazda magti 5g