LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატიმრობისას გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის გავრცელება – მოვუწოდებ ბიზნესს, აიღოს პასუხისმგებლობა კრიტიკული მედიის გადარჩენაზე და მივმართავ ცივილურ სამყაროს, ნუ დაგვტოვებს ავტორიტარულ რეჟიმთან მარტო“ – მზია ამაღლობელი

172
მზია ამაღლობელი

გამოცემა „ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პენიტენციური დაწესებულებიდან ხმოვან მიმართვას ავრცელებს, რომელიც მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით რამდენიმე მედია საშუალების ერთობლივ ეთერში გააჟღერეს.

ამაღლობელი კოლეგებს მიმართავს და ამბობს, რომ ჟურნალისტების ყოველდღიურ თავგანწირვაზეა დამოკიდებული, რომ წინააღმდეგობის ხმა ისმოდეს.

„გილოცავთ კოლეგებს, კოლეგებს, რომლებიც ქართულ კრიტიკულ მედიას და საზოგადოებრივ ინტერესებს წარმოადგენთ. შთამაგონებელია თქვენი სოლიდარობა და დასანანია, რომ თქვენ გვერდით არ ვარ. ახლა, როცა სრულიად დაუცველ გარემოში გიწევთ მუშაობა და თქვენს ყოველდღიურ თავგანწირვაზეა დამოკიდებული, ისმოდეს უსამართლობის და წინააღმდეგობის ხმა, ხმა, რომელსაც ძალადობით, შანტაჟით, მუქარით და ათასგვარი გამოგონილი სასჯელით ახშობს ოლიგარქის რეჟიმი.

აქ, პატიმრობისას განსაკუთრებით გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჩვენი პროფესია, ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება. ბოტების, ტროლების, პროპაგანდის და ოლიგარქების სამყაროში ჩვენ უნდა შევძლოთ გადარჩენა და იდეალებისთვის, უკეთესი ევროპული მომავლისთვის მუშაობა.

მჯერა, სანამ ჯერ კიდევ იქნებიან და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გვეტყვიან, მარტო არ ხარ, მანამდე შევძლებთ საკუთარი პროფესიის დაცვას და ქვეყნის შენარჩუნებას და განვითარებასაც. ამიტომაც მოვუწოდებ ჩემს მოქალაქეებს, ითანამშრომლონ მედიასთან და ჟურნალისტებთან ერთად ამხილონ ყველა ის პირი, ის წრე და ჯგუფი, ვინც ნორმად აქცია კორუფცია, უსამართლობა და ძალადობა; ვინც გვძარცვავს, გვაღარიბებს და გვღალატობს. მოვუწოდებ ქართულ ბიზნესს, რომ აიღონ პასუხისმგებლობა თავისუფალი, კრიტიკული მედიის გადარჩენაზე.

მივმართავ თანამედროვე, ცივილურ სამყაროს – ნუ დაგვტოვებს რუსეთის და მისი ინტერესების გამტარ ავტორიტარულ რეჟიმთან პირისპირ, მარტო. ნუ დაკარგავს თავისუფლების ხმას საქართველოდან“,- განაცხადა მზია ამაღლობელმა ხმოვან მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g