მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში საზეიმო წირვა აღევლინა. ტრადიციულად განსაკუთრებით ხალხმრავლობა იყო სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საზეიმო ლიტურგიას კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე უძღვებოდა. როგორც წესი, მსახურება პატრიარქის ეპისტოლეთი დაიწყო.
“სიყვარული ეს არის ყველაზე ამაღლებული გრძნობა, სხვისადმი ერთგულად მსახურების თავისუფალი არჩევანი” – წერს პატრიარქი.
მისმა უწმინდესობამ აქცენტი რწმენის გამტკიცების აუცილებლობაზე, ერთმანეთისა და სამშობლოს ერთმანეთისადმი სიყვარულზე გააკეთა. ილია მეორე აღნიშნავს, რომ სწორი ცხოვრებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სიყვარული და თავისუფლებაა, რაც პატრიარქის ბრძანებით, “აუცილებელი პირობაა შენში ღმერთის სისავსის გამოვლენისთვის.”
“ეგოიზმის დაძლევის და სწორი სულიერი განვითარების მაჩვენებელია ისიც, თუ როგორია სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება.დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე სახის შეტევა ხორციელდება: ერთნი, გარეშე ძალებისაგან ხელშეწყობილნი, აღვივებენ სეპარატისტულ სულს და ქვეყნის დანაწილების თეორიებს ქმნიან; მეორენი პატრიოტიზმის სახელით არასწორ მიმართულებებს ანვითარებენ და ამ გრძნობას დამახინჯებულ სახეს აძლევენ; სხვანი კი ზოგადადამიანური ღირებულებებით გვესაუბრებიან და პატრიოტიზმს ჩამორჩენილობად თვლიან”, – აღნიშნავს ილია მეორე
პატრიარქი აქვე განიხილავს თაობათა შორის ურთიერთობებს, რაც მისი მოსაზრებით დღევანდელ საზოგადოებაში არასწორად ვითარდება.
“ავიღოთ თუნდაც თაობათა შორის ურთიერთობა; იგი ყოველთვის გარკვეულ სირთულეებს შეიცავდა, რადგან უფროსებს ჰგონიათ, რომ მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უკეთესად იციან, რა უნდა აკეთონ შვილებმა. შვილებს მიაჩნიათ, რომ მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ თავისი ყოფა და პირიქით, ბევრ რამეს უწუნებენ მშობლებს.
“თაობათა ურთიერთობა მანამდე იქნება პრობლემური, ვიდრე ორივე მხარე ერთმანეთში არ დაინახავს იმ უმნიშვნელოვანესს, რაც პირადად მათ აკლიათ და რაც შეიძლება და აუცილებელიცაა, ისწავლონ ერთმანეთისაგან. ის, რომ მშობლებს და ასაკოვან ადამიანებს ბევრი რამ უნახავთ და ადამიანური ურთიერთობების მხრივ მეტი ცოდნა აქვთ, ბუნებრვია, მაგრამ ახალგაზრდები, რომ უფრო გაბედულნი, ზოგჯერ რადიკალურნიც არიან, ამასთან, აქვთ ახალი იდეები, ახალი ხედვა, ახალი მისწრაფებები, ესეც ფაქტია. უფროსების ვალია, მათი შემოთავაზებებიდან სწორი არჩევანი გააკეთონ, დაინახონ მათში რეალური სასიკეთო შედეგები და მომავალ თაობას დაეხმარონ გზის გაკაფვაში. თანამშრომლობა და ურთიერთშევსებისსაჭიროება უნდა იგრძნოს ორივე მხარემ. ეს ნებისმიერი ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.”-აღნიშნავს პატრიარქი.
მავნე მიდრეკილებით გაერთიანებულ ადამიანთა კავშირს სიყვარულს ვერ ვუწოდებთ -ილია მეორე
ვერასოდეს ვერ ვუწოდებთ სიყვარულს იმ ურთიერთობას, სადაც ადგილი აქვს ამპარტავნებას, შურს, ავხორცობას, ხელმრუდობას, ლოთობას, ნარკომანიას, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის,უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში. სიყვარული ეს არის ყველაზე ამაღლებული გრძნობა, სხვისადმი ერთგულად მსახურების თავისუფალი არჩევანი. თუ ჩვენს ქმედებაში ადგილი აქვს შიშს, ან სხვა რაიმე ზეწოლას, ანგარებას, პირფერობას ან ეგოისტურ გამოვლინებებს, ეს სიყვარული აღარ იქნება ღვთისსათნო, […]
“ვერასოდეს ვერ ვუწოდებთ სიყვარულს იმ ურთიერთობას, სადაც ადგილი აქვს ამპარტავნებას, შურს, ავხორცობას, ხელმრუდობას, ლოთობას, ნარკომანიას, ამ და სხვა მავნე მიდრეკილებით გაერთიანებულ ადამიანთა კავშირს, რადგან სინამდვილეში ეს ყოველივე არის ვნებების მონობა და ჭაობივით ჩამთრევიმანკიერებების ტყვეობა,”-აღნიშნულია ეპისტოლეში.
პატრიარქი ეპისტოლეში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კაცობრიობის მზადების მნიშვნელობას მეორედ მოსვლისთვის.
პატრიარქი: ათეისტური ტალღა გაძლიერდა ქვეყანაში, ნათელია, როგორ დეგრადირდება ადამიანი
ილია მეორე ეპისტოლეში წერს რომ მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა
ილია მეორე წერს, რომ დღევანდელობაში ადამიანი უფლის გარეშე დეგრადირდა და ის უგუნური თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი გახდა.
“სამწუხაროდ, ყოველთვის იყვნენ და ახლა, მითუმეტეს, მრავლად არიან კადნიერნი, რომელნიც უარყოფენ ღვთის არსებობას, ან შემოქმედს სამართალს უწუნებენ და მიაჩნიათ, რომ თვითონ უნდა შექმნან ახალი რეალობა, ახალი სამყარო.
“ათეისტური სულისკვეთების მქონენი ეყრდნობიან თავის გონებას და იმ მონაცემებს, რისი შეცნობის საშუალებასაც ჩვენი გრძნობის ხუთი ორგანო იძლევა; მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ რაიმე ადამიანის ბუნების საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, სულიერ ცხოვრებაზე. მათთვის სიტყვა “ცოდვა”, “განწმენდა-კათარზისი”, ისეთივე გაუგებარია, როგორც “თავმდაბლობა” ან “სინანულის განცდა.” ასეთთა შორის, როგორც წესი, სხეული და მიწა ბატონობს და არა ზეცა და სული.
პატრიარქის წლევანდელი სააღდგომო ეპისტოლე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი თანამემამულეებისადმი მიმართვითა და მოწოდებით მთავრდება:
“ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ქისტნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, – ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, ადიდეთ და ,,უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.“ (კოლას. 3,16); და სასოებით ,,ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა ბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი სიყვარულის სამეფოში, რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება“ (კოლას. 1, 12-14).
მაშ, ,,შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის იმედის მუზარადი.“ (თესალ. 1,58), რადგან
ქრისტე აღდგა!
გიხაროდეთ!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე – სრულად
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ილია მეორის 2019 წლის სააღდგომო ეპისტოლე სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე წუთის წინ წაიკითხეს