„პატრიოტთა ალიანსის“ აფხაზეთში ვიზიტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გააჩინა. პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ის დარწმუნებულია, რომ წმინდა ილორის ხატი, რომელიც მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩაიტანა და რომელიც აფხაზებმა უკან დაუბრუნეს, სასწაულს მოახდენს.
ბევრი კრიტიკის მიუხედავად, იყვნენ ისეთებიც, ვინც პოლიტიკოსს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ოპერის მომღერალი თამარ ივერი წერს, რომ ინაშვილმა შეძლო ის, რაც ძალიან ბევრმა პოლიტიკოსმა უბრალოდ ვერ მოახერხა.
„არ მიყვარს პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ ზოგჯერ ისეთ უსამართლობას და უმადურობას ვხედავ, არ შემიძლია, გავჩუმდე. ადამიანი გადავიდა აფხაზეთში, გააკეთა ის, რაც სხვებმა, მიუხედავად მათი ქართულ-ინგლისური მაღალფარდოვანი ლაყაფის მიუხედავად ვერ გააკეთეს (უფრო სწორად…თავად აფხაზურმა მხარემ, წლების მანძილზე მათი ხისტი პოლიტიკის გამო არ “გააკეთებინეს”) და ახლა გიენების ხროვასავით დაესიენ ამ ადამიანს “რატომ კარგი აგიგია”ო.
მე ვერანაირად, მომკალით და ვერანაირად ვერ დავიჯერებ, რომ ამ ყველაფერს ის ნიადაგი აქვს, რომ ამათ აღიარებინონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა!!! ეს არის ბინძური, ინტრიგანი, ვითომ პოლიტიკოსების თავში დაბადებული აზრი, რაც არის შურზე და ბოღმაზე დაფუძნებული, რომ მან თავად ვერ შეძლო და არ მისცეს საშუალება იმის გაკეთებაში…. რაც სხვამ შეძლო!!!! და იწუწნიან ეხლა თითიდან სხვადასხვა ვერსიებს მიზნებზე და საეჭვო დაფინანსებებზე. მაპატიეთ, საერთოდ არ მაინტერესებს რა ძალები დგანან ამ ვიზიტის უკან, საერთოდ არ მაინტერესებს ვინ დააფინანსა…(არც თავად გაკლდათ წლები ოკეანისგაღმული დაფინანსებები და დივიდენდები) ფაქტია, რომ ამ ადამიანმა რაღაც “ნავსი გატეხა”, მიაკაკუნა და მას ათწლეულების განმავლობაში “მტვრიანი და ჩარაზული კარი” გაუღეს და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში… სულ უფრო ხშირად და უფრო ფართოდ გაგვიღებენ!!! იმედია, სამომავლოდ რაიმე ღონისძიებების ჩატარების უფლებას და მეტის თქმის უფლებასაც მისცემენ!!!
დიახ, ამ აისბერგის დაძვრა, მიუხედავად ვიზიტის სარჩულებისა ამ ქალბატონმა შეძლო და ყველა ის პოლიტიკოსი ვინც მის ამ ნაბიჯს ნეგატიურად და ლანძღვით შეხვდა… არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, ბოღმით და შავი შურით გაჟღენთილი არსება!!!
ჩემი თანადგომა ყველა პოლიტიკურ პარტიას და ძალას, ვინც გადადგამს პირველ ნაბიჯებს აფხაზეთთან დიალოგის, იქ “შეღწევის” და მისი მოსმენის მიღწევის საქმეში!! მიუხედავად იმისა, ვინ აფინანსებს მას!! დიახ, შენი ქვეყნის სასიკეთო საქმისთვის ყველაფერზე უნდა წახვიდე!! მთელი ჩემი ახალგაზრდობა გაგრასთან არის დაკავშირებული და ყოველთვის ვგრძნობდი აფხაზების მხრიდან დიდ ნათესაურ სულს და სიყვარულს. იქნებ და, ისინიც დიდხანს ელოდნენ ამ მომენტს და მათთვის მისაღებ ადამიანს რაღაც კონტაქტის აღსადგენად? ვინ იცის….
ასე რომ, ნუ იბერებით…. ამით უფრო უკურეაქციას იწვევთ ხალხში აფხაზეთის სენსიტიურ თემაზე, რადგან, ყველა ჯანმრთელად მოაზროვნე ადამიანს გულის სიღრმეში უხარია ვის მიერაც არ უნდა იყოს ის ინიცირებული, აფხაზეთთან მიმართებაში წინ გადადგმული ნაბიჯები“, – წერს თამარ ივერი.
მომღერალი თემურ თათარაშვილიც ეხმიანება ირმა ინაშვილის აფხაზეთში ვიზიტს და მხარდაჭერას უცხადებს.
“გუშინდელი დღესავით მახსოვს ბოლო კონცერტი სოხუმში , – მაია ჯაბუა, ეკა კვალიაშვილი, სოსო პავლიაშვილი და თქვენი მონა-მორჩილი! ჩვენი წამოსვლიდან სულ რამდენიმე დღეში დაიწყო ომი, – ირმა ინაშვილო, – იცოდე, შენს გვერდით ვარ და პირველ კონცერტზე სოხუმში მეც უნდა გამოგყვე .”– წერს თემურ თათარაშვილი.
კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი:
“სიმართლე რა ბედენაა, შენიანის სისხლი თუ დაღვარე და მტრის საქმე აკეთე! ჩვენ მუდამ ის გვღუპავდა, რომ მტრის საქმეს ვაკეთებდით და მტრის წისქვილზე დაუფიქრებლად ვასხამდით წყალს. და თუ საბოლოო დაღუპვა გვიწერია, ეგვე დაგვღუპავს.
”ჯემალ ქარჩხაძის ეს სიტყვები ძალიან უხდება დღევანდელ რეალობას , ყველგან ღალატია , ზოგი შიშის , ზოგი ამბიციის, ზოგი ბუნების გამო ჩადის ამას , აფხაზეთში წასული ირმა ინაშვილი სწორედ ამგვარი ღალატის მიზეზი შეიქმნა , კრემლის დაკვეთით ჩასულიაო , ამბობს მავანი , ოღონდ იმავე კრემლის დაკვეთით ილორში ჩატანილი ხატს უკან უბრუნებენ , აფხაზების პარტია არუას ირას ეძახინ ირმას ოპონენტები და ამით ლაკმუსს ისხამენ თავზე , მე კიდევ ჩავალ , ამბობს ირმა და მე ვიცი , რომ ჩავა , იქ დახვდებიან არა მშიშარა და მოღალატე აფხაზები , არამედ ჩვენი ძმები , აქედან კი წაყვება ის იმედი , რომელიც დაგვაბრუნებს აფხაზეთში და გუმისთასთან ერთად შევყვირებთ ურაიდა -რაიდას“, – ვკითხულობთ ოქიტაშვილის სტატუსსში.
პოეტი ზურა რთველიაშვილი დარწმუნებულია ინაშვილის კეთილ განზრახვაში.
„დარწმუნდნენ ეს იმბიცილები, რომ არავითარ შეთქმულებას ადგილი არ ჰქონია?
ეს პირველ რიგში ჩვენი უსუსურობაა, რომ კულტურულ კონტაქტებსაც ვერ ვამყარებთ ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან.
ირმამ ეს გააკეთა, ამის მაგალითი მოგვცა და ეს რბილად რომ ვთქვათ, დასაფასებელია, ასეთი მცდელობების გარეშე არაფერი გამოგვივა, კოლეგებო!
დიდი მადლობა ირმა, ჩემო საყვარელო ადამიანო, შენი გულწრფელობისთვის, სამაგალითო მამულიშვილო“, – წერს რთველიაშვილი.
კამათი, ინაშვილი – პატრიოტია თუ მოღალატე, დაუსრულებლად გრძელდება სოციალურ ქსელში. პასუხს კი ალბათ უახლეს მომავალში გავიგებთ.