LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრიოტთა ალიანსი” ყოველდღიურ აქციებს აანონსებს

424
a1551785663

თბილისის სპორტის სასახლეში „პატრიოტთა ალიანსის“ შეხვედრა იმართება. ალიანსის ლიდერების განცხადებით, ყრილობა ორ ძირითად საკითხს შეეხება, რაც ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს.

ადა მარშანიას თქმით, საქართველო უნდა შეუერთდეს სამხედრო მიუმხრობლობის მოძრაობას და ასევე, კონკრეტული მექანიზმები უნდა იყოს შეთავაზებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

„გვინდა, საზოგადოებას იდეა შევთავაზოთ, რომ საქართველო სხვა 140 ქვეყნის მსგავსად, შეუერთდეს სამხედრო მიუმხრობლობის მოძრაობას. ეს არის ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაცია. გაერო-ს შემდეგ ეს ორგანიზაცია ყველაზე წარმომადგენლობითი, მსხვილი და ცნობილია მსოფლიოში. ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი 2011 წელს შეუერთდა სამხედრო მიუმხრობლობის მოძრაობას. ვიცით, რომ აზერბაიჯანს, ისევე როგორც ჩვენ, თუმცა უფრო მძაფრად, აქვს კონფლიქტი თავისი ტერიტორიის ფარგლებში და ეს მრავლისმეტყველია. აზერბაიჯანი საინტერესო მაგალითია. გვინდა, ფართო საზოგადოების მხარდაჭერა ამ საკითხში”- განაცხადა მარშანიამ

პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა კი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ” საქართველოს ტერიტორიაზე არც ერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა არ გვჭირდება”.

ალიანსი ივნისში აქციას გეგმავს, რომლის დეტალებიც დღევანდელ ყრილობაზე გახდება ცნობილი. პარტიის ლიდერების განცხადებით, თუ მოთხოვნები არ შესრულდება, აქციებს ისინი ყოველდღიურად გამართავენ.

დავით თარხან-მოურავის განცხადებით, აქციები 27 მაისიდან 15 ივნისამდე საინფორმაციო სახის იქნება და თავისუფლების მოედანზე, 17:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება. მისივე თქმით, 15 ივნისს მოედანზე “დიდი აქცია” იქნება, რის შემდეგაც შეკრებები კვლავ ყოველდღიურად ჩატარდება, თუმცა უკვე საპროტესტო სახეს მიიღებს, კონკრეტული მოთხოვნებით.