“პატრიოტთა ალიანსმა” ცესკოში წევრის ყოლის უფლების ჩამორთმევა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
საქმის განხილვა ხვალ, 2 სექტემბერს არის ჩანიშნული.
“პატრიოტთა ალიანსის” პოზიციით, “საარჩევნო კოდექსში” შეტანილი ცვლილებებით სხვა პარტიებთან მიმართებით თანასწორობის პრინციპი დაირღვა.
შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაშინ, როცა ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და უარს ამბობდნენ დაეწყოთ საპარლამენტო საქმიანობა, პარლამენტში შესვლის სურვილი გამოთქვეს “პატრიოტთა ალიანსის” სიით არჩეულმა ოთხმა დეპუტატმა. მათ საპარლამენტო საქმიანობის დაწყების შემდეგ ახალი პარტია – “ევროპელი სოციალისტები” დააფუძნეს.
“2021 წლის 19 აპრილამდე კი პარტია მხოლოდ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა დატოვეს და აღნიშნული შემთხვევა ვეღარ განმეორდება სადავო ნორმაში კონკრეტული თარიღის მითითების გამო. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა მიზანმიმართულია მხოლოდ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ უფლებების დარღვევისა და სხვა პარტიებთან შედარებით უარეს სამართლებრივ მდგომარეობაში ჩაყენებისკენ”, – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გავრცელებულ განცხადებაში.
