პატრული აქედან 50 მეტრის მოშორებით უყურებდა ინციდენტს, მეორე ეკიპაჟი აქ იყო და მოქალაქეები ეხვეწებოდნენ, მიეხმარეთ ადამიანს იტაცებენო, მაგრამ არავინ მიეხმარა, – აცხადებს ახალგაზრდა კაცი, რომელიც „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის გატაცების დროს მის გვერდით იმყოფებოდა.
მისი თქმით, „ეს არის რეჟიმი, რომელიც სულს ღაფავს და აუცილებლად მივიღებთ იმას, რომ ლაშასნაირი ადამიანები თავიანთ სამართალს დაამტკიცებენ“.
„ძალიან მშვიდად ვბრუნდებოდით აქციიდან, ჩამოვიარეთ ეს ტერიტორია, არ შეგვიმჩნევია არცერთი ადამიანი. თავდასხმა რომ დაიწყო, ერთდროულად მოგვვარდა ათამდე, შესაძლოა მეტიც, შავ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი, რომლებსაც სახე დაფარული ჰქონდათ. იდენტიფიცირება, რომ ესენი იყვნენ რომელიმე სტრუქტურის წარმომადგენელი, მათ არანაირი ნიშანი არ გააჩნდათ.
თავდასხმის პირველივე წამიდან ლაშაზე დაიწყო განსაკუთრებით აგრესია, ჩემკენაც გამოიწიეს, მაგრამ რაღაცნაირად მოვახერხე, რომ გავეცალე და დავიწყე პატრულში დარეკვა. ამ დროს მოქალაქეებიც ჩაერთნენ პროცესში, თუმცა, ის მაინც ჩატენეს მანქანაში, იძულებით.
ლაშა ეუბნებოდა, რომ იყო „ტვ პირველის“ ოპერატორი, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ვბრუნდებოდით ავტომობილისკენ. მათ ჰქონდათ სწორედ ის გათვლა, რომ ავტომობილთან მისვლის მომენტში უნდა მომხდარიყო თავდასხმა და მე როგორც ერთ-ერთი პროცესში მონაწილე, ვერ მივხვდი ვინ იყვნენ. მეგონა იყვნენ „ტიტუშკები“, უნდა ვეცემეთ და დავიწყე პატრულში რეკვა.
პატრული აქედან 50 მეტრის მოშორებით უყურებდა ინციდენტს, მეორე ეკიპაჟი აქ იყო და მოქალაქეები ეხვეწებოდნენ, მიეხმარეთ ადამიანს იტაცებენო, მაგრამ არავინ მიეხმარა, უფრო მეტიც, მთელი გვირაბის განმავლობაში, ვიდრე მანქანამ გაიარა და გაცდა, ამაზე რეაგირება არ მოახდინეს.
ეს არის რეჟიმი, რომელიც სულს ღაფავს და აუცილებლად მივიღებთ იმას, რომ ლაშასნაირი ადამიანები თავიანთ სამართალს დაამტკიცებენ“, – განაცხადა მან.