LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრულმა გაგვაფრთხილა, თუ წახვალთ 500 ლარით დაგაჯარიმებთო” – რეგიონებიდან დედაქალაქში სამარშუტო ტაქსები აღარ მოძრაობენ

508
11აა

ინფექციის გავრცელების წყაროს შემცველ ერთ-ერთ რისკზონად საქართველოში სამარშრუტო ტაქსები დასახელდა, ამიტომ გუშინ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა აღნიშნული სახეობის ტრანსპორტით მოძრაობა. გუბერნატორებმა კონკრეტული დავალებები პრემიერ მინისტრისგან პირადად მიიღეს. დღეიდან, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში შეიზღუდა სამარშრუტო ტაქსების როგორც შიდა მოძრაობა, ასევე მგზავრობა ქალაქებს შორის.

მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით გუშინვე მიიღეს გაფრთხილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულმა კერძო სამარშრუტო კომპანიებმა. მძღოლების ნაწილი განმარტავს, რომ მათ გაფრთხილება ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს და რომ დღეიდან სამსახურში აღარ გამოცხადდნენ.

“ბოლო დღეების განმავლობაში მგზავრთა რაოდენობა იმდენად იყო შემცირებული, რომ თუ წინა კვირაში საათში ერთი მანქანა გადიოდა, ბოლო დღეებში თბილისის მიმართულებით 3 საათში ერთი მანქანის გაშვებაც  ძალიან ჭირდა. არ გვყავდა მგზავრები, თითქმის ცარიელი დავდიოდით. გუშინ გვიან უფროსმა გაგვაფრთხილა, რომ 18 მარტიდან, გაურკვეველი დროით უნდა შეგვეჩერებინა მუშაობა. ამბობენ, დედაქალაქში არასამუშაო დღეებს ანაზღაურებენო, მაგრამ ზუგდიდში როგორ მოხდება, არ ვიცი. ჩემი ოჯახი ჩემ ხელფასზეა დამოკიდებული. ახლა უმუშევრად დარჩენა შიმშილობას ნიშნავს. იმედი მაქვს მალე დასრულდება ეს ამბები და მომეცემა საშუალება ისევ გავიდე სამუშაოდ” – გვითხრა გურამ ესებუამ.

მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, დღეიდან ზუგდიდში სამარშუტო ტაქსების შიდა მოძრაობაც შეზღუდულია. ერთ-ერთი მოქალაქე “ფორტუნასთან” საუბარში ყვება, რომ დღეს დილიდან სოფელ ჭითაწყარიდან ქალაქის ბაზრამდე ფეხით წავიდა, რადგან ავტობუსში ხალხმრავლობა იყო.

“ისედაც მეშინია ამ ვირუსის და ბევრი მგზავრი რომ ვნახე, არ ავედი ავტობუსში. ტაქსისთვის ფული დამენანა და ამიტომ დაახლოებით 4 კილომეტრი ფეხით ვიარე ბაზრამდე. ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა დავიცვათ თავი.  მთავრობამ კი გაგვაფრთხილა, მაგრამ ამ ხალხს რომ ვუყურებ, მგონია რომ ბოლომდე ვერ ხვდებიან როგორი საშიში შეიძლება იყოს კორონავირუსი” – თამილა მორგოშია.

სატრანსპორტო საშუალების შეზღუდვა ქალაქ ხობშიც აღინიშნება. ადგილობრივი მოქალაქის განმარტებით, დღეს მთელი ქალაქის მასშტაბით შიდა რეისზე მხოლოდ ავტობუსი დადის. მისივე განმარტებით, მგზავრების განსაკუთრებული სიმრავლე არ შეინიშნება, თუმცა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თანამოქალაქეები უმუშევრად დარჩნენ.

“ჩემი მეზობელი სამარშრუტო ტაქსის მძღოლია, დღეიდან ისიც უმუშევარი დარჩა. მე მაღაზია მაქვს და მის ოჯახს ჩემგან მიაქვს პროდუქტი, ხან ნისიად, ხან ისე. გუშინ საღამოს იყო შემოსული მერაბი და მითხრა, ხვალიდან ნისიად უნდა წავიღო საჭმელიო. უარს ხომ არ ვეტყოდი. უბნის მაღაზიაა, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. მთავრობამ რომ ზომები მიიღო ეს კარგია, მაგრამ ამ უმუშევრად დარჩენილებსაც უნდა მოუხერხონ რამე”, – ნაზი გობეჩია.

ხობიდან სამარშრუტო ტაქსები არც დედაქალაქის მიმართულებით მოძრაობენ. “ფორტუნა” ხობელ მძღოლს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ გაფრთხილება გუშინ მიიღეს და დღეს სამუშაოზე არ გამოცხადებულა. მისი თქმით, გუშინ სადგურის ტერიტორიაზე, სადაც თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანების ავტოპარკია, პატრულის თანამშრომლები იყვენენ მისული და მანქანებს ფოტოები გადაუღეს. ის ამბობს, რომ მძღოლები სამართალდამცველებმა სიტყვიერად გააფრთხილეს და უთხრეს, რომ დედაქალაქის მიმართულებით გამგზავრების შემთხვევაში 500 ლარით დაჯარიმდებიან.

“ჩვენთან თბილისის მიმართულებით დაახლოებით 20 მანქანა მუშაობს. მე ყოველ მეორე დღე მიწევს მოძრაობა. ბოლო დღეებში მგზავრთა რაოდენობა ძალიან შემცირებული იყო, მაგრამ მაინც ვმუშაობდით. გუშინ დამირეკა მეგობარმა და მითხრა, რომ მუშაობა უნდა შეგვეჩერებინა. მისგან გავიგე, რომ ჩვენთან პატრული მოსულა და მანქანებისთვის ფოტოები გადაუღიათ. მძღოლებისთვის უთქვამთ, თუ წახვალთ 500 ლარით დაგაჯარიმებთო. ან ტრაფარეტი მოხსენით და ისე იარეთო. დღეს ერთი მანქანა წავიდა თბილისის მიმართულებით. ტრაფარეტის გარეშე წავიდა, აბა ვის აქვს დღეს 500 ლარის გადახდის საშუალება” – რესპოდენტმა ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. ამბობს, რომ შესაძლოა რაიმე პრობლემა შეექმნას იმის გამო, რაც მან ჩვენთან ისაუბრა.

magti 5g