LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შსს სამართალდამრღვევად სცნო

119

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად სცნო,- ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სამინისტრომ მოქალაქის ინფორმირების წესი დაარღვია. კერძოდ, 2016  წლის  07 ოქტომბერს  მოქალაქე ჯ.ბ.-მ  განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ განყოფილებას და ითხოვა რეაგირება მუქარის ფაქტზე, რასაც თან ერთვოდა მუქარის შემცველი  მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

2017 წლის 13 სექტემბერს  რწმუნებულების საფუძველზე PHR-ის იურისტმა განცხადებით მიმართა იმავე განყოფილებას და მოითხოვა ინფორმაცია თუ რა რეაგირება მოჰყვა მოქალაქე ჯ.ბ-ს განცხადებას, ასევე ითხოვა აღნიშნული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გადმოცემა. საპასუხო წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ საქმეში არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად, გამოძიება არ დაიწყო, ხოლო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გადაცემაზე დაუსაბუთებულად ეთქვა უარი.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სტამბოლის კონვენციის თანახმად, მნიშვნელოვანია ქალის ინფორმირება მასთან დაკავშირებით მიმდინარე  პროცესების შესახებ,  ვინაიდან, სხვაგვარად წარმოუდგენელია ქალთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა მართლმსაჯულების პროცესში.

“არაინფორმირებული ქალი მოკლებულია შესაძლებლობას,  გააკონტროლოს მიმდინარე პროცესები, რაც მას აქცევს პროცესის ობიექტად და არა სუბიექტად, რომელიც აკონტროლებს მის ცხოვრებას და მასთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ქალების ინფორმირებას.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის[1] თანახმად:

მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსხვერპლი იღებდეს ადეკვატურ და დროულ ინფორმაციას არსებული მხარდაჭერის სამსახურებისა და სამართლებრივი ზომების შესახებ მათთვის გასაგებ ენაზე.

ვინაიდან, სამინისტრომ დაარღვია სუბიექტის ინფორმირების წესი – დაუსაბუთებელი უარი განაცხადა თავისი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტის გადაცემაზე,  2017 წლის 4 ოქტომბერს PHR-მა მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და რეაგირება  მოითხოვა აღნიშნულ ფაქტზე.  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის  15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცნო სამართალდამრღვევად სუბიექტის ინფორმირების წესის დარღვევის გამო.  სამინისტრომ აღიარა დაშვებული შეცდომა და  ინფორმაცია სრულად მიაწოდა განმცხადებელს, რის გათვალისწინებითაც  სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა გაფრთხილება,”- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g