აშშ-ის მიერ უკრაინისთვის საარტილერიო სარაკეტო სისტემების გადაცემას ამჯერად კრემლის პრესსპიკერი, დიმიტირი პესკოვი ეხმიანება.
პესკოვი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების იარაღი ხელს არ უწყობს კიევთან მოლაპარაკებების განახლებას და რომ პირიქით, “შეერთებული ცეცხლზე ნავთს ასხამს”:
“ჩვენ უკვე ვთქვით, რომ აქ ახალი არაფერია. მიგვაჩნია, რომ შეერთებული შტატები მიზანმიმართულად და გულმოდგინედ ასხამს ცეცხლზე (ნავთს). აშშ, ცხადია, ნამდვილად იცავს ბრძოლის ხაზს, რომ ებრძოლოს რუსეთს უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს ხელს არ უწყობს სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებას და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უარყოფითად ვიღებთ”, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი განცხადებითვე, მოსკოვს არ სჯერა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების – რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს მიაწვდის, მას უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ არ გამოიყენებს.
“არა, იმისთვის, რომ დაიჯერო და ენდო, საჭიროა გქონდეს გამოცდილება, როცა ეს დაპირებები შესრულდა.
სამწუხაროდ, ასეთი გამოცდილება საერთოდ არ არსებობს. პირიქით, მოვლენების მთელი მიმდინარეობა ადასტურებს ამას, დაწყებული პრეზიდენტ ზელენსკის მთავარი საარჩევნო დაპირებიდან – ერთხელ და სამუდამოდ რომ დასრულებულიყო ომი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, არ შესრულებულა”, – თქვა პესკოვმა და აღნიშნა, რომ უკრაინული მხარი მიმართ ნდობა არ აქვთ.
პუტინის პრესმდივნის განცხადებით, „ნათელია, რომ აშშ მართლაც მისდევს ხაზს იმის შესახებ, რომ რუსეთთან ბოლო უკრაინელამდე იომოს“.
შეგახსენებთ, CNN-ის მიერ, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ამერიკული წარმოების მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის.
მოგვიანებით აშშ-ის ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ შტატები უკრაინას მხოლოდ თავდაცვით იარაღს მიაწვდის და ეს არ იქნება იარაღი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, რუსეთზე შეტევა განახორციელოს.
ამის მიუხედავად კი კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი იარაღის მიწოდება ზრდის რუსეთსა და აშშ-ს შორის შეტაკების რისკს.