LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრე ცისკარიშვილი: „მიშა სააკაშვილს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სათქმელი და გასაკეთებელი საქართველოსთვის… ისტორიაში დაიწერება, თაობები ისწავლიან იმ ცვლილებების, რეფორმების და იმ იდეების შესახებ, რომელიც მიშა სააკაშვილმა მოუტანა საქართველოს“

130
პეტრე ცისკარიშვილი, მიხეილ სააკაშვილი

„მიშა სააკაშვილს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სათქმელი და გასაკეთებელი საქართველოსთვის, ქართული პოლიტიკისთვის“ – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე გააკეთა, რომელიც სასტუმრო „კოპალაში“ გაიმართა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით პრეზენტაციას მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ასევე მიშა ანთაძე, ქეთი ქურდოვანიძე, გია ბუღაძე და სხვადასხვა ცნობადი სახეები დაესწრნენ.

„მიშა სააკაშვილს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სათქმელი და გასაკეთებელი საქართველოსთვის, ქართული პოლიტიკისთვის, რომელთან დაკავშირებითაც დარწმუნებული ვარ, თვითონაც დაწერს მოგონებებში, მაგრამ ასევე საქართველოს ისტორიაში დაიწერება, თაობები ისწავლიან იმ ცვლილებების, რეფორმების და იმ იდეების შესახებ, რომელიც მიშა სააკაშვილმა 90-იანი წლებიდან მოყოლებული მოუტანა საქართველოს.

ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, რომელიც კრიმინალით იყო მოცული, კორუფციული და ჩაბნელებული, ევროპულ სახელმწიფოდ აქცია. დარწმუნებული ვარ, ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი დაიწერება, ბევრი ითქმება და ისტორიის სახელმძღვანელოშიც შევა.

მართლაც ძალიან ისტორიული არჩევნებია საქართველოს სამომავლო გეზთან, ჩვენს საგარეო კურსთან მიმართებაში და თუ ვინმემ საქართველო ევროპისკენ შემოაბრუნა, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი. ის არც ხელისუფლებაში იყო, არც მთავრობაში, მაგრამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველო გაწევრიანებულიყო ეუთო-ში, ხალხს შეიძლება არ ახსოვდეს, მაგრამ 1995-1999 წლებში, მიშა სააკაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი საპარლამენტო ასამბლეაში სტრასბურგში და სწორედ იმ პერიოდში გახდა საქართველო ევროსაბჭოს წევრი და შემდეგ უკვე 2003-2004 წლიდან მოყოლებული,

როგორც პრეზიდენტმა, მართლა შემოაბრუნა ქვეყანა, აწია ევროპის დროშა პირდაპირი და ირიბი გაგებით და საქართველო დაადგა ევროპისკენ გზას, რაც სამწუხაროდ ამ ბოლო პერიოდში დამუხრუჭდა, შეფერხდა, რადგან ჩვენ გვყავს ის ხელისუფლება, რომელიც სამწუხაროდ მივიღეთ და რომელიც უნდა ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას სულ რაღაც, ორ კვირაში“ – განაცხადა ცისკარიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g