პიკა ლათინური სიტყვაა და „კაჭკაჭს“ ნიშნავს. ამ სინდრომით დაავადებულ ადამიანებსაც თურმე კაჭკაჭივით დიდი და განურჩეველი მადა ჰქონიათ. სოდა, ყავის მარცვლები, სიგარეტის ფერფლი, დამწვარი ასანთის თავები, სიგარეტის ნამწვები, სხვადასხვა ფრინველისა თუ ცხოველის ფეკალიები, ყინული, წებო, თმა, ღილები, ქაღალდი, ქვიშა, კბილის პასტა, საპონი – ეს არასრული ჩამონათვალია კვებისთვის გამოუსადეგარი იმ ნივთებისა და ნივთიერებებისა, რომლებსაც პიკას კვებითი დარღვევის მქონე ადამიანები ეტანებიან. პიკა ბავშვებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მოზრდილებში. პიკა ასევე ხშირია ორსულობის პერიოდში.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს რკინის ან თუთიის ნაკლებობით. ხშირად პიკა გონებრივი განვითარების დარღვევებთანაა შერწყმული. მაგალითად, აუტიზმთან, შიზოფრენიასა და ობსესიურ-კომპულსიურ სინდრომთან.
იმისთვის, რომ ადამიანს პიკას დიაგნოზი დავუსვათ, ის, სულ მცირე, ერთი თვის განმავლობაში მაინც უნდა ეტანებოდეს უცნაური საკვებს. პიკა უმეტესად მათ სჭირთ, ვინც არასრულფასოვნად იკვებება, ვისი საკვები რაციონიც ერთფეროვანია. დაავადების დასადგენად აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზი ანემიის გამოსარიცხად. ასევე აუცილებელია სისხლში ტყვიის დონის განსაზღვრა.
კვებისთვის გამოუსადეგარი ნივთების ყლაპვამ შესაძლოა ნაწლავების დაზიანებაც გამოიწვიოს (მაგალითად, ნივთი ნაწლავის სანათურში გაიჭედოს). ხშირად იზიანებენ კბილებსაც. არც პარაზიტული ინფექციაა გამორიცხული. თუ რაიმე გართულება არ განვითარდა, პიკა განსაკუთრებულ მკურნალობას არ მოითხოვს. მკურნალობის მთავარი არსია მავნე ჩვევების შეცვლა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საბედნიეროდ, პიკა უმეტესად დროებითი მოვლენაა – რამდენიმე თვე გრძელდება და შემდეგ თავისთავად გაივლის.