შტატებში ყველაზე პოპულარული ავტომობილი რომ პიკაპია, ეს ფაქტი სიახლეს არ წარმოადგენს. გაყიდვების რეიტინგში F-150 სერია ლიდერობს, მეორე ადგილს კი ბრენდი Ram–ის პიკაპი იკავებს.
კომპანია Ford–მა გადაწყვიტა, რომ თავისი ბესტსელერის მყიდველები უკეთ გაეცნო და საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა.
კვლევაში 2000 ავტომფლობელი მონაწილეობდა და მათი ასაკი 18–წლიდან იწყებოდა. გამოკითხულთა შორის 54% მამაკაცები, 46% კი მანდილოსნები იყვნენ.
როგორც გაირკვა, 25%–ს თავისი პიკაპი ისე უყვარს, რომ მას სახელიც კი დაარქვა, ხოლო 15%–მა ავტომობილის საპატივცემულოდ სვირინგი გაიკეთა.
რესპოდენტთა განცხადებით, პიკაპის გამო ისინი თავს უფრო გამოცდილებად, ამაყებად, თავდაჯერებულ და სანდო ადამიანებად გრძნობენ.
ყველაზე საინტერესო კითხვა ის იყო, თუ რამხელა მსხვერპლზე წავლენ ადამიანები ავტომობილისთვის, ანუ რას იზამენ იმ შემთხვევაში თუკი არჩევანის წინაშე დადგებიან. აღმოჩნდა, რომ პიკაპის მფლობელები მზად არიან უარი თქვან ალკოჰოლსა და ყავაზე (79%,72%), სმარტფონზე (47%), ხორცზე (44%). 38% კი მანქანის გამო სექსსაც კი შეელეოდა.