LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,პირადად მე წელიწადში საშუალოდ 85 ათასი დოლარი მქონდა შემოსავალი” – აჩი მეფარიძე ,,არტ-Fm”-ში

68
mefarizdzeachiko

გადაცემის ლაივი LIVE

13 აპრილს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM”-ს მომღერალი აჩიკო მეფარიძე სტუმრობდა, რომელმაც ახალი პროექტი წარმოადგინა და საკუთარ შემოქმედებით, პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

– ბატონო აჩიკო, როგორც ვიცი, საკმაოდ დიდხანს ამზადებდით ახალ პროექტს. საინტერესოა, კონკრეტულად რას შესთავაზებთ თაყვანისმცემელს?

–  პროექტი, რომელშიც ჩემთან ერთად სამი მომღერალი გოგონა მიიღებს მონაწილეობას კორონავირუსის გავრცელებამდე ჩავიფიქრე. მართალია, დროებით მისი გადადება მოგვიწია, მაგრამ იმედი გვქონდა, პანდემია გაზაფხულისთვის დასრულდებოდა და ჩვენც შევძლებდით მუშაობის გაგრძელებას. თუმცა, ისევ გადავდეთ და მხოლოდ ახლა შევძელით მისი განახლება. ახალმა პროექტმა 58 მსოფლიო ჰიტი და ჩემი ცნობილი სიმღერები გააერთიანა, თუმცა ოდნავ სახეცვლილი ფორმით. იმედი მაქვს ძალიან მალე წარვუდგენთ პუბლიკას ჩვენს ნამუშევარს და მის მოწონებასაც დავიმსახურებთ.

– სიმღერა 2 წლის ასაკში დაიწყეთ. ვინ აღმოაჩინა თქვენი მუსიკალური ნიჭი?

– ნამდვილად არ მახსოვს რამ ამამღერა 2 წლის ასაკში, რადგან მხოლოდ დედის გადმოცემით ვიცი, თუმცა, როგორც ექიმს შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ ბავშვს დაბადებისთანავე ეტყობა რამდენად აქვს სმენა და ზოგადად მუსიკალური ნიჭი. შესანიშნავი სმენა ჰქონდათ დედას და ორივე ბებიას, ამიტომ თავიდანვე განსაზღვრეს, რომ ადრე თუ გვიან მეც ავმღერდებოდი.

– მშობლებს თუ უნდოდათ თქვენი მუსიკოსობა?

– არავის არ უნდოდა. მეტიც, მამა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ჩემს მომღერლობას. არაჩვეულებრივი შეთავაზება მივიღე ანსამბლ “რეროსგან”, როცა აფრიკაში მიმიწვიეს სამთვიან ტურნეში, თუმცა სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდი ქირურგიის ფაკულტეტზე და იძულებული გავხდი მამისთვის მიცემული პირობა შემესრულებინა და სწავლა ბოლომდე მიმეყვანა. სხვათა შორის, იმ პერიოდის არც ქართული ესტრადა გამოირჩეოდა განსაკუთრებული სერიოზულობით, რადგან ბევრს მუსიკოსობა საერთოდ არ მიიჩნევდა პროფესიად და უფრო გართობად აფასებდა.

– რამდენად მკაცრად იზრდებოდით?

– საკმაოდ მკაცრი მშობლები მყავდა, განსაკუთრებით დედის სიმკაცრე მახსოვს სკოლის ასაკში. სტუდენტობის წლები კი, უკვე დამოუკიდებლად რუსეთში გავატარე.

– 1990-იან წლებში, საომარი მოქმედებების დროს ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდით საგანგებო შტაბის უფროსად და სწორედ თქვენი მოვალეობა იყო საკვების, მედიკამენტების, ჰუმანიტარული დახმარების ცხელ წერტილებში გაგზავნა და დაჭრილი ჯარისკაცების სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილება, რისთვისაც ღირსების ორდენით დაჯილდოვდით. რამდენად რთული იყო ამგვარ პირობებში მუშაობა?

–  ძალიან მძიმე პერიოდი იყო, ამიტომ შეუძლებელია რამდენიმე სიტყვით მოყოლა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა – ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც საომარი მოქმედებების პირობებში შეიძლებოდა.

– დაგიშვიათ თუ არა შეცდომა, რომელსაც ხშირად იხსენებთ?

– ალბათ ყველას აქვს შეცდომები, მაგრამ ისეთი არაფერი გამიკეთებია, რასაც ახლა ვნანობ. არც სხვანაირად ცხოვრებას ვისურვებდი, რადგან ძალიან მომწონს ჩემი ცხოვრება.

– რა ასაკში გააცნობიერეთ, რომ გაიზარდეთ და გარკვეული პასუხისმგებლობა გაქვთ?

– ციხის საავადმყოფოში მუშაობის დაწყებისთანავე ვიგრძენი უზარმაზარი პასუხისმგებლობა.  მართლაც ურთულესი ობიექტია, რადგან ყველა რეჟიმის საპატიმროს აერთიანებს. ხშირად მიწევდა მარტოს მორიგეობა და ურთულეს პაციენტებთან მუშაობა.

– რამდენიმე ძალიან რთული პერიოდი გამოიარეთ ცხოვრებაში, ფსიქოლოგიური პრობლემები ხომ არ გქონიათ?

– არა, რადგან ძალიან ძლიერი ფსიქიკა მაქვს და მსგავსი პრობლემები ნამდვილად არასდროს მქონია.

– მთავარი შეკითხვა, რომელსაც ხშირად უსვამთ საკუთარ თავს?

– ხშირად მიჩნდება კითხვა რამდენად სწორად მოვიქეცი ამა თუ იმ სიტუაციაში.

– რას ნანობთ ან რისი გაკეთება ვერ მოასწარით თავის დროზე?

– სინანულით არაფერს ვნანობ, უბრალოდ კარგი იქნებოდა სხვა ეპოქაში დავბადებულიყავი, რადგან ძალიან რთულია გარდამავალ პერიოდში, მუდმივი ცვლილებების და არასტაბილურობის პირობებში ცხოვრება.

– რომელ საუკუნეში იცხოვრებდით?

– სიამოვნებით ვიცხოვრებდი 22-ე საუკუნეში, რადგან დარწმუენებული ვარ, შემდეგი საუკუნე ტექნოლოგიურად ბევრად განვითარებული იქნება.

– ალბათ, ამგვარი შესაძლებლობების საუკუნეში ბევრად სანახაობრივ შოუებს მოაწყობდით?

– სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია არანაირი შოუ აღარ  ეწყობა. საუკეთესო წარმოდგენებს 2000-იანი წლების დასაწყისში ვაკეთებდით, ახლა კი, ყველაფერი გაჩერდა. რა თქმა უნდა, თავისი ნეგატიური წვლილი პანდემიამაც შეიტანა, მაგრამ ყველაფერს მას ვერ დავაბრალებთ. ჩვენს ქვეყანაში შოუბიზნესი თითქოს ერთ წამში გაუქმდა და ყველაფერი ერთიანად დაიხურა. უამრავი ადამიანი ვიყავით ამ ფეროში ჩაბმული, უზარმაზარი ჯაჭვი გვქონდა გაბმული, რომელიც ყველას აერთიანებდა მომღერლებით და კომპოზიტორებით დაწყებული, არანჟირების ოსტატებით და ტექნიკური პერსონალით დასრულებული, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ყველა საქმის გარეშე დავრჩით.

– მინიმალურ და მაქსიმალურ ჰონორარს ხომ ვერ გაიხსენებთ?

– პირველ რიგში ქართველ ემიგრანტებს მინდა გადავუხადო დიდი მადლობა, ვინც ჩვენს გამოსვლებს ესწრება საზღვარგარეთ. 38-ჯერ ვიმოგზაურე გასტროლებით ამერიკაში, არაფერს ვამბობ ევროპის ქვეყნებზე, სადაც უამრავი თაყვანისმცემელი შევიძინე. 2000-ანი წლების დასაწყისში მუსიკალური ინდუსტრია მართლაც შემოსავლიანი ბიზნესი იყო. პირადად მე წელიწადში საშუალოდ 85 ათასი დოლარი მქონდა შემოსავალი.

– თქვენი აზრით, რატომ განიცადა მარცხი ქართულმა შოუბიზნესმა?

– დღეს ტელე- და ინტერნეტსივრცის 90 პროცენტი პოლიტიკური გადაცემებითაა დატვირთული, თუმცა მედიის პოლიტიზირება არა დღეს და გუშინ, არამედ სწორედ 200-იანებში დაიყო, როცა შეგნებულად ჩანაცვლდა ყველაფერი პოლიტიკით, არადა ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს სჭირდება, დასვენება, გართობა და კარგი მუსიკის მოსმენა, რადგან სწორედ მუსიკა ქმნის განწყობას, ზოგჯერ ნაღვლიანს, ზოგჯერ მხიარულს ან რომანტიკულს  მაგრამ ყოველთვის განსაზღვრავს ადამიანის ემოციებს.

– როგორ ახერხებთ ყოველთვის ფორმაში ყოფნას და განსაკუთრებული იმიჯის შექმნას?

– ზოგი ძალიან ბევრს ზრუნავს ჩაცმულობაზე, ზოგისთვის კი, აბსოლუტურად სულერთია. პირადად მე ძალიან მიყვარს მოდურად ჩაცმა და ყველა დეტალს დიდ ყურადღებას ვაქცევ. გარდა ამისა, შემსრულებელი ვალდებულია გამოიყურებოდეს კარგად და სწორედ ასე სცეს პატივი კონცერტზე მისულ პუბლიკას.

– ალბათ, ყველაზე საყვარელი აქსესუარი სათვალეა?

– გეთანხმებით, მართლაც ძალიან მიყვარს სათვალის ტარება. პირველად მაშინ მოვირგე, როცა თავი გადავიპარსე და ინდივიდუალური სტილის შექმნაზე დავიწყე ზრუნვა.

– ვის გამოარჩევთ დიზაინერებს შორის?

– ძალიან გამიჭირდება სათვალის ბრენდებს შორის არჩევანის გაკეთება, რადგან თუ მომეწონა სრულიად უცნობი დიზაინერის სათვალესაც სიამოვნებით მოვირგებ. ტანსაცმლის დიზაინერებს შორის კი, ავთო ცქვიტინიძეს გამოვარჩევდი, რომელმაც ჩემი ყველა სასცენო კოსტიუმი შექმნა.

– ვინაა თქვენი საყვარელი კომპოზიტორი?

– რა თქმა უნდა, რუსა მორჩილაძე, რომელსაც არა მხოლოდ სადებიუტო სიმღერა, არამედ მთელი ჩემი შემოქმედება უკავშირდება.

– ვის გამოარჩევთ მომღერლებს შორის?

– ყოველთვის ძალიან მიყვარდა მაიკლ ჯექსონი და უიტნი ჰიუსტონი.

– ლეგენდები არსებობს თქვენი წყნეთის სახლზე. საინტერესოა ვინ იმუშავა მის დიზაინზე?

– მართალია, პროფესიონალი დიზაინერი მყავდა მიწვეული, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა არ შედგა. მხოლოდ კიბე გააკეთა და ამით დავამთავრეთ ურთიერთობა, სხვა დანარჩენზე კი, თვითონ ვიზრუნე.

– რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება?

– რა თქმა უნდა, მუსიკის და სიმღერის გარეშე.

– რას ელით მომავლისგან?

– საერთოდ ადამიანები იმედით ცოცხლობენ, ამიტომ ყველა და პირველ რიგში საკუთარი თავი მინდა დავაიმედო, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

– რას ურჩევთ ჩვენს მსმენელს?

– გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან სიყვარული ერთადერთი სუბსტანციაა, რომელსაც ვერანაირი ბოროტი ვერ დაამარცხებს!

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g