უკრაინელი დეპუტატი, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ საქართველო უნდა დაეხმაროს, შეეხიდოს ამ ომში, გაისეირნოს ცხინვალსა და სოხუმში – პირდაპირი მოწოდებები იყო ომისკენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ამ დროს რა რეაქციები ჰქონდათ საქართველოში „ნაცმოძრაობის“ და ენჯეო-სექტორის წარმომადგენლებს და აქციის ვითომ ორგანიზატორებს? უარყვეს? გაემიჯნენ? ისინი ომზე ტესტავდნენ [განწყობას]. ხან ჭიაბერაშვილი ალაპარაკეს, ხან ბატონი დავითი გამოვიდა უსუფაშვილი და მინიშნებებს აკეთებდა, ცოტა ირიბად, ხან ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი გამოდიოდა და შეიარაღებაზე საუბრობდა. ტესტავდნენ. ხან ჟურნალისტები ლაპარაკობდნენ ომზე და თავმოყვარეობას უკავშირებდნენ, ხან სახალხო დამცველი გამოდიოდა და ბომბების წვიმას ჩაურთავდა“, – განაცხადა მდინარაძემ.