„სუს-ი საქართველოში არის უკანონობის, აღვირახსნილობისა და პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების, ყველა სიბინძურის წყარო. ვეუბნები სუს-ის უფროსს, თქვენი სამსახური გაუქმდება, როგორც კი ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ „კაგებეშნიკურ“ მოქმედებებს საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ, ჩავაბარებთ წარსულს“ – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებში მათი გამარჯვების შემდეგ, სუს-ი გაუქმდება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას“.
„პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას… ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება… “ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
სუს-ის ცნობით, „აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება“.
ვაშაძის განცხადებით, ყველა ეს ნარატივი ყალბია:
„სუს-ი საქართველოში არის უკანონობის, აღვირახსნილობისა და პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების, ყველა სიბინძურის წყარო. ვეუბნები სუს-ის უფროსს, თქვენი სამსახური გაუქმდება, როგორც კი ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ „კაგებეშნიკურ“ მოქმედებებს საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ, ჩავაბარებთ წარსულს. პირობას ვდებ, სუს-ი საქართველოში საბოლოოდ გაისუსება და არასდროს აღარ იარსებებს! რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ყველა ეს ნარატივი ყალბია, ისევე როგორც ყალბია სუს-ის ანატომია.
ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ეს სატყუარა, წლების განმავლობაში, არაერთხელ გამოავლინა. ამიტომ სუს-ი იქნება, პრემიერი თუ ვინც იქნება, ვეუბნები, შეეგუეთ მარცხს! ხალხი იმარჯვებს! საქართველო წავა ევროკავშირისკენ! კორუმპირებული ჩინოვნიკების ადგილი ამ ქვეყანაში არასდროს იქნება. ჩვენ წავალთ სწრაფი სვლით ევროპისკენ!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.