პროკურატურამ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ნარკორეალიზატორების დაკავებასთან დაკავშირებული სპეცოპერაციისას, ერთ-ერთი დაკავებულის ნათესავი, აგრესიულად იყო განწყობილი და უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჟურნალისტების მიმართ სპეცოპერაციის გაშუქებისა და ინფორმაციის გავრცელების გამო, რა დროსაც მათ ძალადობის მუქარით მოსთხოვა, შეეჩერებინათ გადაღება.
“ვინაიდან ჟურნალისტებმა მათი პროფესიული საქმიანობა გააგრძელეს, პირი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ავტომანქანით განზრახ დაეჯახა ტელეკომპანია “ტვ პირველის” ოპერატორს ფეხის არეში და დაუზიანა ვიდეოკამერის შტატივი, რითაც აიძულა შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა.”
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა) და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინა, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.