სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, აგვისტოს ომის საქმეზე ქვეყნისა და საზოგადოებისთვის დიდი მიღწევაა. ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ პირველად ისტორიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაში ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული. სახელმწიფო არის აღიარებული, როგორც მსხვერპლი ამ ომის და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და მომავლისთვის, იმიტომ, ეს არის ის საყრდენი, რაზედაც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება”. – აღნიშნა, მან.
პრეზიდენტმა იუსტიციის სამინისტროს და მის ყოფილ მინისტრ, თეა წულუკიანს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ეს მთელი ქვეყნის გამარჯვებაა თუმცა, ”უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა”.
“დღეს არის ძალიან სიმბოლური დღე, რომელსაც მე ვხვდები აქ ბრუსელიდან, ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დღეს სწორედ სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. შემთხვევით არაფერი ხდება, ეს ხდება 100 წლის მერე ჩვენი ოკუპაციის 100 წლის მერე, 30 წლის მერე იმის მერე, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და ამ 2008 წლის ომის შემდეგ გავიდა 12 წელი”. – განაცხადა, ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ აგვისტოს 2008 წლის ომზე საქართველოს ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის რუსეთი დაადანაშაულა.